ჩოგბურთი

17:02 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ეკატერინე გორგოძემ.

მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინელი ელენა გაბრიელა რუსე (მე-6) 6:4, 6:2 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის რუს ალისა კლეიბანოვას გაეჯიბრება.

ეს უკანასკნელი ჩოგბურთის მოყვარულებს კარგად უნდა გახსოვდეთ. 26 წლის კლეიბანოვა არცთუ დიდი ხნის წინ საკმაოდ წარმატებული მოთამაშე იყო და 2011 წლის თებერვალში მსოფლიო რეიტინგში მე-20 (!) ადგილზეც კი გახლდათ.

სამწუხაროდ, იშვიათი დაავადების გამო, ალისას კორტის დატოვება მოუხდა და ხანგრძლივი პერიოდიც გაუცდა, ახლა კი, დაკარგულის ანაზღაურებას ცდილობს. ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად კლეიბანოვა ვტა-ს რეიტინგში მხოლოდ 911-ე პოზიციაზეა.

ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა მე-3 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაიასაც, თუმცა, მან სომეხ ანი ამირაღიანთან დრამატული მატჩი 6:3, 2:6, 6:7 (5:7) წააგო.

წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და უკრაინელმა ალიონა ფომინამ გორგოძეს და ბელარუს ალინა ზუბკოვას (მე-3 განთესვა) 6:2, 6:1 მოუგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ტიტულისთვის ბრძოლაში ქართულ-უკრაინული დუეტი მე-2 რეიტინგის მქონე გერმანულ-უკრაინულ წყვილს (შაკოვეცი-სოტნიკოვა) გაეჯიბრება.

0.116152