შვეიცარიული პოლიციის მიერ ციურიხის სასტუმრო Baur au Lac-ში 3 დეკემბერს გამთენიისას განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაკავებული ფიფას 16 მაღალჩინოსნიდან უმრავლესობამ, ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა აღიარა და მითვისებული თანხების დაბრუნების პირობაც დადო.
როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორის არიან კონკაკაფისა და კონმებოლის ფედერაციების ხელმძღვანელებიც, ახლახან კი გაირკვა, რომ ამერიკული სამსახურების მიერ წარმოებული გამოძიების ყურადღების ქვეშ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი მარკო პოლო დელ ნეროც მოხვდა. მართალია დელ ნერო ჯერ დაკავებული არაა, თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, მან უვადო შვებულება აიღო, რათა ბრალდებისგან თავის დაცვაზე იყოს სრულად კონცენტრირებული.
ფიფაში მყარად ფესვგადგმული კორუფციული საქმეების გამოძიებას უკვე რამდენიმე თვეა ამერიკელი სამართალდამცავები აწარმოებენ და ამ ორგანიზაციის არაერთი მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს. პარალელურად, ფინანსურ გარიგებებს იძიებს ფიფას ეთიკის კომიტეტიც, რომლის გადაწყვეტილებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმიანობას 90 დღით ჩამოშორებულნი არიან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას თავკაცი მიშელ პლატინი.