ფეხბურთი

17:16 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები (1999): მეტოქეებზე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1999 წელს დაბადებულები) ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფურ შეხვედრებს თბილისში ჩაატარებს. მეტოქები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან. ელიტრაუნდში სულ 8 ჯგუფია და პირველადგილოსანთა გარდა, 7 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 5-21 მაისს აზერბაიჯანში გაიმართება.

ვნახოთ, რა შედეგი აჩვენეს ქართველთა მეტოქეებმა საკვალიფიკაციოზე და მათ გამორჩეულ ფეხბურთელებზეც ვთქვათ:

იტალია (პირველი ადგილი, 5 ქულა, ბურთები 4:1): ბულგარეთთან 3:0, მაკედონიასთან 0:0, შოტლანდიასთან 1:1. ჩატარდა ბულგარეთში.

მწვრთნელი გახლავთ ალესანდრო დალ სანტო. სხვათა შორის, 1999 წელსაა დაბადებული და წესით, თბილისში თამაში შეუძლია “მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის უკვე “მილანის” ძირითადის გოლკიპერია! თუმცა თითქმის გამორიცხულია, რომ 17-წლამდელთა ელიტრაუნდზე სათამაშოდ გამოუშვან...

გამორჩეული ფეხბურთელია ფორვარდი ჯანლუკა სკამაჩია, რომელიც არა იტალიაში, არამედ ჰოლანდიის პსვ-ს ასაკობრივ გუნდშია.

“იუვენტუსი”, “რომა”, “ატალანტა” – ამ გუნდებიდან სჭარბობენ იტალიის 17-წლამდელთა ნაკრების ჭაბუკები.

რუსეთი (პირველი ადგილი, 9 ქულა, ბურთები 10:0): კვიპროსთან 6:0, ჩერნოგორიასთან 2:0, ბელარუსთან 2:0. ჩატარდა ბელარუსში.

გუნდში ქართველი ფეხბურთელი არ ჰყავთ, რაც ცოტა არ იყოს, იშვიათი მოვლენაა რუსეთის ასაკობრივში. მთავარი მწვრთნელი სერგეი მატვეევი გახლავთ. ვერ ვიტყვით, რომ ერთი-ორი კლუბის აღსაზრდელებზე აკეთებენ აქცენტს. ჰყავთ ჭაბუკები მოსკოვის “დინამოდან”, “სპარტაკიდან”, “ლოკომოტივიდან”, “ტერეკიდან”, “ზენიტიდან”, “კრასნოდარიდან”. ყველაზე ბევრნი სწორედ “კრასნოდარიდან” არიან – 5 ფეხბურთელი.

ბოსნია (მეორე ადგილი, 6 ქულა, ბურთები 7:4): ესტონეთთან 2:1, მოლდოვასთან 5:0, უკრაინასთან 0:3. ჩატარდა მოლდოვაში.

მწვრთნელი საკიბ მალკოჩევიჩია. ზოგადად, ბოსნიას არასოდეს ჰყოლია განსაკუთრებული დონის ასაკობრივი ნაკრებები, ფინალურ ეტაპზე ამ წლოვანებაში არასოდეს გასულან, თუმცა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანაა და ძლიერი ჭაბუკები რომ ეყოლება, თქმა არ უნდა.

დღევანდელ ნაკრებში ლიდერებად მიიჩნევიან ჟასმინ ჩელიკოვიჩი (“რიეკა”, ხორვატია) და ფორვარდი ტომაშ დადიჩი (“დინამო” ზაგრები, ხორვატია).

და საქართველოზე დღეს უკვე ვწერდით, რომ გოჩა ავსაჯანიშვილის ნაკრებმა უნგრეთში გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი. სლოვაკეთთან 3:4 წააგო, რუმინეთს 3:0 აჯობა და ბოლოს უნგრეთთან 2:2 ითამაშა. ბოლო წამებზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა გოლი, რომელიც ელიტრაუნდზე გამსვლელი გამოდგა.

შეგახსენებთ, თუ რა შემადგენლობით იყო წასული ნაკრები უნგრეთში:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)

მცველები: ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი (ყველა 35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: აკაკი ქიმერიძე, ლევან ბარაბაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი)

0.207324