კალათბურთი

2:24 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე კარიერას სერბეთში გააგრძელებს

16 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას სერბულ “მეგა ლეკსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას სერბული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ, რომელიც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობს, მიმდინარე სეზონი თბილისურ “ვითაში” დაიწყო და ვთბ-ლიგაში ჩატარებულ ექვს მატჩში საშუალოდ 2.8 ქულას და 1.7 მოხსნას აგროვებდა.

წლეულს სოფიაში გამართულ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ის საქართველოს ნაკრების ლიდერი გახლდათ და საშუალოდ 14.2 ქულას, 8.9 მოხსნას, 1.9 პასს, 1.0 ჩაჭრას და 3.7 დაფარებას აგროვებდა.

გოგას ახალი კლუბი “მეგა ლეკსი” სერბეთის ჩემპიონატში სხვა ლიდერებთან (“ცრვენა ზვეზდა”, “პარტიზანი” და ”მეტალაცი”) ერთად მოგვიანებით, საპლეიოფო ეტაპიდან ჩაერთვება, მანამდე კი, ადრიატიკის ლიგაში თამაშობს.

აღნიშნულ ტურნირზე 12 ტურია ჩატარებული, “მეგა ლეკსს” კი 9 მოგება და 3 მარცხი აქვს და ჯეიკობ პულენის “ცედევიტასთან” და სერბულვე “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერი კი ჩერნოგორიული “ბუდუჩნოსტია” 10 გამარჯვებით.

“მეგა ლეკსს” ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 7 დეკემბერს უწევს, როდესაც ხსენებულ “მეტალაცს” ესტუმრება, 14-ში კი “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლებს.

ცხადია, რომ პირველ ეტაპზე ბითაძეს თამაში სერბეთის იუნიორთა ლიგაში მოუწევს. ამას გარდა, “მეგა ლეკსის” ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი ახალწვეული ევროლიგის იუნიორთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზებს.

როგორც ირკვევა, ეს შეჯიბრი 27-29 დეკემბერს იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდება და სერბული კლუბის მეტოქეები იტალიური “ემპორიო არმანი მილანო” და “უმანა რეიერ ვენეცია” და ესპანური “უნიკახა” იქნებიან.

0.114913