ფეხბურთი

22:18 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “ვეცდები, კარიერის სხვა საფეხურზე ავიდე”

სანდრო კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის გასულ ტურში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. მისმა “ვოლინმა” 9:1 გაანადგურა ზაპოროჟიეს “მეტალურგი”. საერთოდ, სანდროზე “ვოლინის” მწვრთნელ ვიტალი კვარციანისაც უთქვამს, ერთადერთი ფეხბურთელი გვყავს, სანაკრებო დონეს რომ შეესაბამებაო.
კობახიძეს უკრაინაში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით – ნაკრებზეც და კლუბზეც:
- ჯერ ნაკრებზე გკითხავ. ესტონეთთან პირველ ტაიმში ითამაშე, ხოლო ალბანეთთან მხოლოდ ბოლო 10 წუთი. შედეგი ძალიან ცუდი იყო და რას იტყვი მიზეზებზე?
- ესტონეთთან მატჩი მთლიანად ჩავაგდეთ. მოძრაობაშიც გვაჯობეს და ტემპშიც, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. მოულოდნელი იმიტომ, რომ ფიზიკურად ესტონელებზე ნაკლებად არ ვართ მომზადებულნი. შესაძლოა, მეტოქე სათანადოდ ვრ დავაფასეთ და უფრო იოლ მატჩს ველოდით.
- პირადად შენს თამაშზე რას იტყვი?
- ვცდილობდი, აქტიური და სასარგებლო ვყოფილიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ. ალბანეთთან თამაშზე კი იმას ვიტყვი, რომ სულ რაღაც 10 წუთი ვიყავი მოედანზე და ბურთი რამდენჯერმე მივიღე, ასე რომ ძნელია რაიმეს შეფასება.
- “ვოლინის” ბოლო მატჩზე და შენს გოლებზე. ზაპოროჟიეს “მეტალურგი” იყო სუსტი თუ თქვენ წაგივიდათ თამაში?
- ორივე ერთად. სუსტი მეტოქე იყო და ჩვენც ყველა საგოლე მომენტი გამოვიყენეთ. სტატისტიკა რომ ვნახე, 10-ჯერ დავარტყით კარში და აქედან 9 გავიტანეთ. ხანდახან ასეც ხდება ფეხბურთში. მთლიანობაში, მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. ახლა “დნიპროსთან” გველის ძალიან საინტერესო და პრინციპული მატჩი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, პირველ წრეს ხუთეულში დავასრულებთ, რაც კარგი შედეგი იქნება. შეუძლებელი ნამდვილად არაფერია.
- შენს საკლუბო მომავალზე რას იტყვი?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მინდა და შემიძლია უკეთეს გუნდში თამაში. ამიტომაც ვეცდები, რომ კარიერის სხვა საფეხურზე ავიდე, თუმცა “ვოლინთან” ერთად ევროპის ლიგაზე თამაში ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს.
- ანუ, კონკრეტულად რომელიმე კლუბში გადასვლაზე სიახლე არაფერია?
- ჯერ არაფერი.

0.11596