ფეხბურთი

15:36 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლემონჯავა: “თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, “კოლხეთისთვის” სეზონი დასრულებულია”

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების უმეტესობას ჰქონდა და დღესაც აქვს სხვადასხვა სახის პრობლემები, თუმცა ის რაც ფოთის “კოლხეთში” ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. დროულად თუ არ მიხედეს კლუბს შესაბამისმა პირებმა, შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ქართული ფეხბურთის აკვანი, ასწლიანი საფეხბურთო კლუბი დაიშალოს. გუნდს, რომელსაც სტადიონი არა აქვს, ხელფასი ნახევარი წელია თითქმის არ აუღია და ელემენტარული პირობები არა აქვს რომ ივარჯიშოს, მოთმინების ფიალა აევსო და როცა სხვა გზა არ დარჩა მერიას მიადგა, პირველი შეხვედრა დაპირებით დასრულდა, გუშინ კი ფოთის მერმა ფეხბურთელებთან შეხვედრა არ ისურვა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

თუ რა მდგომარეობაა ამჟამად “კოლხეთში” და რას აპირებენ ფეხბურთელები ამ საკითხზე “კოლხეთის” ფეხბურთელს გიორგი ლემონჯავას დავუკავშირდით.

- დღეს კლუბის წარმომადგენლებსა და მერიას შორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთი თვის ხელფასს დაგირიგებენ და დანარჩენ დავალიანებას კი იანვრის დასაწყისში გაგისტუმრებენ. როგორ შეხვდა ამ პასუხს კლუბი?

- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, მინდა იცოდეს საზოგადოებამ თუ რა ხდება “კოლხეთში” და რას ვითხოვთ. ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს ჩვენს გუნდში, დღეს არ დაწყებულა, აგვისტოს თვიდან მოყოლებული არ აგვიღია ხელფასი ფეხბურთელებს, მომსახურე პერსონალს თითქმის 8 თვეა არ მიუღია გასამრჯელო. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წლებია სტადიონის გარეშე ვართ და ყველა თამაშს სტუმრად ვატარებთ, არ გვაქვს სავარჯიშო მოედანი. Bბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ სადაც გვაჭმევენ ფეხბურთელებს იმ სასადილოშიც ვალი დაგროვდა, როგორც გვითხრეს მალე საჭმელზეც უარს გვეტყვიან. Uუბრალოდ სირცხვილია, რაც აქ ხდება. რომ ჰკითხო, ყველა იძახის “კოლხეთი” ქართული ფეხბურთის აკვანიაო, მაგრამ ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებული გუნდი ჩვენ ვართ საქართველოში, პირველი ლიგის ნებისმიერ გუნდს მეტი ფინანსები და მხარდაჭერრა აქვს, ვიდრე ჩვენ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მერის დღევანდელი პასუხი ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ყველას გვყავს ოჯახი, როგორც მათ და უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ამდენი თვეა ოჯახში კაპიკი არ შეგვიტანია, თან ახალი წელიც მოდის, ერთი თვის ხელფასი არავის ეყოფა.. ჩვენ ჩვენს ნაშრომს ვითხოვთ, ზედმეტს არცერთ თეთრს...

- დავუშვათ არ დააკმაყოფილეს თქვენი მოთხოვნა. რას აპირებთ?

- იმ შემთხვევაში, თუ ორი თვის ხელფასზე უარი გვითხრეს, ჩვენ არ ვაპირებთ მოედანზე სათამაშოდ გასვლას. ჩათვალეთ, რომ “კოლხეთისთსის” სეზონი დასრულებული იქნება, ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ უკვე დავიღალეთ ამდენი დაპირებებით და ტყუილებით. ისიც ვიცი, კლუბისთვის რამდენად ცუდი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ სხვა გზას არ გვიტოვებენ. ფოთელმა გულშემატკივარმაც უნდა გაგვიგონ, ჩვენ გვიყვარს “კოლხეთი” და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პრობლემა გვაქვს და გუნდი ფსიქოლოგიურადაც მოშლილია, ცუდი შედეგი მაინც არ დაგვიდია, განსაკუთრებით ბოლო ტურებში, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ იგნორირებას გაუკეთებენ ჩვენს მოთხოვნებს, ვიცით ჩვენი უფლებები და აუცილებლად გავასაჩივრებთ.

-Gგუნდის მწვრთნელი რას ამბობს?

-Gგელა სანაია ძალიან დადებითი ადამიანია, ფეხბურთელებთან მეგობრულად არის და ცდილობს გუნდი არ დაიშალოს, მაგრამ დღეს “კოლხეთში” ვინც ვართ ყველას ერთი გასაჭირი გვაქვს და თუ არ მოგვხედავენ, ეს არა მარტო ფოთის, ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემა იქნება.

- Aრას ეტყოდით “კოლხეთის” გულშემატკივრებს, რომელთა საყვარელი გუნდი დიდი საფრთხის წინაშეა.

“კოლხეთის’ გულშემატკივრები, მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში გვიწევს საშინაო თამაშები, იქაც დადიან და აქტიურად გვიჭერდნენ მხარს. ფეხბურთი გულშემტკივრებისთვისაა და ჩვენ დღემდე სულს და გულს ვდებდით მოედანზე, გვინდა, რომ ეს გავაგრძელოთ, მაგრამ თუ იქნება გვერდში დგომა. მწირი ბიუჯეტითაც ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენს გუნდს, აქვს ამის პოტენციალი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი გულშემატკივარი და ისინი ახლაც ჩვენს გვერდით არიან, მჯერა, რომ ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან. ღმერთმა ქნას, სიტუაცია გამოსწორდეს და გუნდი არ დაიშალოს.

პ.ს. ჩვენი ინფორმაციით, “კოლხეთი” დატოვა უკრაინელმა ლეგიონერმა ნიკიტა პოლულიახმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114003