ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა მორიგი გამორჩეული შედეგი დღეს, გამთენიისას, საკრამენტოში ჩატარებულ მატჩში დააფიქსირა, სადაც მისმა „დალასმა“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა და იგებდა კიდეც, თუმცა მეორეში მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო და 98:112 დამარცხდა (VIDEO).
სეზონის მე-18 შეხვედრაში ფაჩულიას ორმაგ დუბლებში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ დემარკუს ქაზენსთან უწევდა ორთაბრძოლა. საკრამენტოელთა გოლიათი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, თუმცა ვერ შეასრულა ერთ-ერთი პრინციპული მისია - აფროამერიკელ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქაზენსის ანგარუშზე 31 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
რაც შეეხება დალასელთაგან საუკეთესოს, ეს ტიტული ქართველ ცენტრს ერგო. ტეხასურ გუნდში 10-ქულიან ზღვარს ექვსმა კალათბურთელმა მიაღწია, რომელთა მონაგარიც 10-14-ს შორის მერყეობს და მათგან საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას 10 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ზაზა იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი მოაგროვა და ამ მაჩვენებელში ნბა-ს მასშტაბით პოზიციები გაიმყარა.
ორმაგ დუბლებში ზაზამ ერთპიროვნული მესამე ადგილი მოიპოვა, რადგან მოზიარე კევინ ლავის „კლივლენდს“ დღეს არ უთამაშია. შანსი იყო, ფაჩულია მეორე ადგილზე მყოფ რასელ ვესტბრუკს დასწეოდა, თუმცა „ოკლაჰომას“ სუპერვარსკვლავმა „ატლანტასთან“ 100:106 წაგებულ მატჩში სეზონი მე-12 ორმაგი დუბლი (34 ქულა, 11 მოხსნა) მოაგროვა და მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დარჩა.
„დალას მავერიკსს“ 10 მოგება და 8 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციის 4-5 ადგილებს „მემფის გრიზლისთან“ იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 2 დეკემბერს (ჩვენი დროით დილის 7 საათზე) ელის პორტლენდში „თრეილ ბლეიზერსთან“.
www.gbf.ge