იტალიის სერია A-ს ბინადარი “ჰელას ვერონა” უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ვერონული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მთავარი მწვრთნელი ანდრეა მანდორლინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
“ჰელას ვერონა” იუწყება, რომ ანდრეა მანდორლინი და მისი შტაბი გათავისუფლებულია. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით მანდორლინის გაწეული სამუშაოსთვის. განსაკუთრებით იმ სიხარულისთვის და გამარჯვებებისთვის რაც გვქონდა ლეგა პროდან მოყოლებული. ანდრეასა და მის შტაბს მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”, - წერს “ჰელასის” საიტი.
55 წლის ანდრეა მანდორლინი “ჰელას ვერონას” 2010 წლის ნოემბრიდან მოყოლებული წვრთნიდა და მას შემდგომ გუნდი სერია A-ში გადმოიყვანა, სადაც ორი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარებინა, თუმცა მიმდინარე სეზონში გუნდი წარუმატებლად თამაშობს და “ვერონა” 14 თამაშის შემდეგ 6 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზეა. სხვათა შორის, იგი ერთადერთი გუნდია იტალიის ჩემპიონატში, რომელსაც მოგება ჯერ კიდევ არ აქვს.
აქვე, როგორც იტალიური მედია წერს, “ჰელას ვერონას” ეუჯენიო კორინი ჩაიბარებს, რომელიც მეორე ვერონული გუნდის, ახლო წარსულში “კიევოს” კაპიტანი და მწვრთნელი გახლდათ.