ჩოგბურთი

23:20 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქაიროსა და ანტალიაში...

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში იმყოფება, სადაც 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.

სოფო საწყის რაუნდში ბრძოლისგან თავისუფალია, მერვედფინალში კი იაპონელ რიო კიტაგავას და ეგვიპტელ ლაილა ელნიმირს შორის უმჯობესს დაელოდება.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და სლოვაკი მიკაელა ჰონჩოვა ასევე უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან და ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

თურქულ ანტალიაში, ასევე 10-ათასიან ტურნირში მოსინჯავენ ძალებს სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. მე-3 განთესვის მქონე ქვაცაბაია საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელ ენი დონალდსონს გაეჯიბრება, ხოლო მე-4 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძე უკრაინელ ალიონა ფომინას ეთამაშება.

საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი წყვილებში ქვაცაბაიასთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და ეს დუეტი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაებმება. რაც შეეხებათ გორგოძეს და ბელარუს ალინა ზუბკოვას (მე-3 განთესვა), ისინი მერვედფინალში ფრანგ რენსონ-მიკელსა და უზბეკ სტახანოვას დაუპირისპირდებიან.

აქვე, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგზეც ვთქვათ, რომელშიც 8 ქართველი გოგონა მოხვდა:

208 (216). სოფო შაფათავა – 249 ქულა; 378 (395). ეკატერინე გორგოძე – 95; 384 (377). სოფო ქვაცაბაია – 93; 466 (507). მარიამ ბოლქვაძე – 63; 650 (647). ოქსანა კალაშნიკოვა – 31; 771 (766). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1100 (1096). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1201 (1197). ანა შანიძე – 4;

წყვილთა კლასიფიკაციაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კალაშნიკოვას აქვს, რომელიც 5 ადგილით დაწინაურდა და 1080 ქულით 70-ე პოზიციაზე იმყოფება.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს, რომელიც 562 ქულით ისევ 104-ეა, ხოლო ალექსანდრე მეტრეველი 158 ქულით მსოფლიოს 310-ე ჩოგანია.

0.109386