ფეხბურთი

17:14 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარიგების მცდელობა: მალხაზ ჟვანიასა და გია გურულის კომენტარები
გადადებული მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება

როგორც იცით, პირველ ლიგაში 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვს” შორის გადაიდო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხობში ჩავიდა და განაცხადა, რომ გამოძიება სასწრაფოდ დაიწყებოდა. ასეც მოხდა, გამოძიება დაწყებულია, “მსოფლიო სპორტი” კი ორივე გუნდის მწვრთნელს დაუკავშირდა: მალხაზ ჟვანისა (“ლიახვი”) და გია გურულს (“კოლხეთი” ხობი).

ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უცხო პირს “ლიახვის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაურეკავს, ტოტალიზატორში “ლიახვის” წაგებაზე დიდი ფსონია და ეგებ, თამაში დათმოთო.

მალხაზ ჟვანია: - ფეხბურთელმა მწვრთნელებს გვითხრა, ჩვენ კი კლუბის ხელმძღვანელობას ვაცნობეთ ზარის შესახებ და ხელმძღვანელობამ ფედერაციას აცნობა. საქმე გადაცემულია სამართალდამცავებისთვის და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

- “ლიახვის” რეაქცია დასაფასებელია. ადრე თუ გსმენიათ პირველ ლიგაში მატჩის გარიგების მცდელობაზე?

- არა. ადრეც რომ ყოფილიყო მსგავსი ფაქტი, ადრევე ვაცნობებდით ფედერაციას. ეს პირველი შემთხვევა იყო “ლიახვთან” დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, ყველანაირად ვიბრძოლებთ გარიგებების წინააღმდეგ. მოვიქეცით ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავით.

- ეს გადადებული მატჩი როდის გაიმართება?

- რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ 3 დეკემბერს დაინიშნა მატჩი. ჩვეულებრივ, ხობში გაიმართება.

გია გურული: “ახალი ის ვიცი, რომ გორის პოლიციას გადასცეს საქმე. კარგი იქნება, თუ გამომჟღავნდებიან ის პიროვნებები, რომლებიც ასეთ მაქინაციებში იღებენ მონაწილეობას”.

- ლევან კობიაშვილმა რა გითხრათ?

- ჩამოვიდა, ადგილზე გაეცნო ვითარებას, კლუბის წარმომადგენლებს, ფეხბურთელებს, მსაჯებსა და ქომაგებს ესაუბრა. თამაშიც მისი გადაწყვეტილებით გადაიდო, რადგან გარიგების საფრთხე რეალურად არსებობდა. ლევან კობიაშვილმა ბოდიში მოგვიხადა მატჩის გადადების გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად ფედერაციაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება.

- გარიგების მცდელობა ადრეც ყოფილა პირველ ლიგაში?

- პირადად მე არ გამიგია, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი.

1.253199