სავარაუდოდ, ბათუმის “დინამო” გაისად სექტემბრის ბოლოდან, ან ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან არა ქობულეთში, არამედ ბათუმშივე გამართავს საშინაო მატჩებს. ამის შესახებ “დინამოს” მენეჯერმა არჩილ ინწკირველმა უთხრა “მსოფლიო სპორტს”. ვისაუბრეთ როგორც სტადიონზე, ასევე ბაზაზეც:
“სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ, სამ თვეში დაიწყება. 2016 წლის ბოლოსთვის საძირკველი დასრულებული იქნება და 2018 წლის დასაწისში უკვე ყველაფერი მზად იქნება. სტადიონი იქნება “ბასკოს” საკალათბურთო დარბაზთან ახლოს, ყოფილი მანქანათმშენბლის ტერიტორიაზე. სტადიონი იქნება სუფთა საფეხბურთო, სარბენი ბილიკების გარეშე და დაიტევს 20 000 მაყურებელს”. (იხილეთ ვიდეო)
სტადიონი თურქული კომპანიის (“ბაჰადირ ქულ არხიტექტს”) პროექტის მიხედვით აშენდება, ფინანსები კი, რა თქმა უნდა, აჭარის მთავრობისაა. ბათუმის სარბიელი თურქეთის ”ქონიასფორის” სტადიონის მსგავსი იქნება.
სტადიონის აშენებამდე კი ბათუმში ბაზა გაკეთდება და არჩილ ინწკირველმა ამის შესახებ დეტალურად გვითხრა:
“ბაზის მშენებლობა ანგისას ტერიტორიაზე მიმდინარეობს და გაისად სექტემბერში დასრულდება. 4 900 000 ჯდება ხარჯები. ბაზაზე იქნება ტრიბუნები, 1500 მაყურებელზე გათვლილი. ერთი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო მეორე – ხელოვნური. ბუნებრივზე ჩავატარებთ კიდეც საშინაო შეხვედრებს. საამისოდ ყველაფერი იქნება, თავისი განათებიანად”.