საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ, ტოპ 14-ის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ერთბაშად ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ლიდერს, დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონს” ეწვია და 35:9 დაამარცხა. თამაშს 18 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათ 4 ლელო იხილეს, მაგრამ ოთხივე მასპინძელთა ჩათვლის მოედანში.
სტუმართა სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორეხაზელმა მიქაუტაძემ 50 წუთი ითამაშა, ბურჯი ჩილაჩავა 57-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ლევანს 74-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მოუწია, ხოლო მესამეხაზელმა გორგოძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა და ფერნანდეს ლობესთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტულონელთა ყველა შეტევა, პრაქტიკულად მასზე იყო აგებული და “გულივერმაც” საქმეს ჩვეულ სტილში, კარგად გაართვა თავი. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ზირაქაშვილი და ტრადიციულად, მანაც უზარმაზარი შავი სამუშაო გაწია, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
როგორც წესი, “კლერმონი” საკუთარ “მარსელ მიშელენზე” მუდამ კარგად თამაშობს და იყო დრო, როდესაც ის ამ სტადიონზე დაუმარცხებელ გუნდად ითვლებოდა, მაგრამ ამჯერად “ტულონმა” დამსახურებულად იმარჯვა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა - მან პირველად მოიგო “მარსელ მიშელენზე” და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ამ არენიდან სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა წაიღო. ამასთან, “კლერმონმა” პირველად უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ლელო ვერ გაიტანა.
მასპინძლებს თამაში საერთოდ არ წაუვიდათ. შეტევაში მათ შემოქმედება აკლდათ და ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ორი ჯარიმა გაიტანეს. “ტულონი” სათამაშო უპირატესობას არ ფლობდა, მაგრამ თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე ორი ლელოც გაიტანა, რის შემდეგაც ტაიმი 15:6 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მესამე ჯარიმას სტუმრებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, 59-ე წუთზე კი, მესამე ლელო გაიტანეს. გორგოძემ კარგი მოლი დააყენა, რომელიც “კლერმონმა” წესების დარღვევით შეაჩერა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. გამარჯვებულის ვინაობა აქვე გაირკვა, სულ ბოლოს კი, დრიუ მიჩელმა მეოთხე ლელოსთვის საკუთარი 22-იდან ირბინა და “ტულონმა” მეტოქე უჩვეულოდ დიდი სხვაობით, 35:9 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სპეციალისტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გორგოძე საუკეთესო ფორმაშია და ეს ამ თამაშმა დაადასტურა. მიუხედავად მარცხისა, “კლერმონმა” ლიდერობა შეინარჩუნა.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში, დავით ხინჩაგიშვილის “რასინგმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზი” 28:13 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. უკვე ვწერდით, რომ მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ლექსო ყაულაშვილის და გაგი ბაზაძის “ლა როშელი” 25:20 დაამარცხა და ტოპ 14-ში დებიუტი ბაზაძემ ლელოთი აღნიშნა.
კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” “ოიონაქსი” სტუმრად 34:9 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ასიეშვილმა და ჟღენტმა შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშეს. “ბრივმა” მესამე, პრემიალური ლელო 72-ე წუთზე გაიტანა და მასში ქართველ ბურჯებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. მასპინძლები 5-მეტრა შერკინებაში ვერ დადგნენ და რეფერიმაც საჯარიმო ლელო ჩასტვინა.
გიორგი ნაცარაშვილის “პო” “ბორდოსთან” 10:46 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. მასპინძლებმა მანამდე გატანილ 4 ლელოს დასკვნით 12 წუთში კიდევ ორი შემატეს.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” “კასტრს” დაუხვდა და 18:23 დამარცხდა. ქართველმა გარემარბმა სრულად ითამაშა. მასპინძლები მატჩში 10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაბრუნდნენ, 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 18:16 დაწინაურდნენ, მაგრამ 74-ე წუთზე სტუმრების ჯარიმა ძელმა რომ აისხლიტა კვლავ შემტევ გუნდს დარჩა და უყურადღებობა მასპინძლებს გაშვებულ ლელოდ და მარცხად დაუჯდათ.
დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ” “გრენობლი” სტუმრად 21:19 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ტოპ 14. IX ტური
27-29 ნოემბერი
მონპელიე - ლა როშელი 25:20
რასინგი - ტულუზი 28:13
ოიონაქსი - ბრივი 9:34
ბორდო - პო 46:10
აჟენი - კასტრი 18:23
კლერმონი - ტულონი 9:35
გრენობლი - სტად ფრანსე 19:21
გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | კლერმონი | 9 | 5 | 1 | 3 | 250:158 | 29 | 7 |
2. | რასინგი | 9 | 7 | 0 | 2 | 186:173 | 28 | 0 |
3. | ტულუზი | 9 | 6 | 0 | 3 | 234:144 | 27 | 3 |
4. | ბრივი | 9 | 6 | 0 | 3 | 176:138 | 27 | 3 |
5. | ტულონი | 9 | 5 | 0 | 4 | 299:170 | 27 | 7 |
6. | მონპელიე | 9 | 6 | 0 | 3 | 231:230 | 26 | 2 |
7. | ბორდო | 9 | 5 | 1 | 3 | 199:171 | 24 | 2 |
8. | გრენობლი | 9 | 4 | 0 | 5 | 213:241 | 19 | 3 |
9. | კასტრი | 9 | 4 | 0 | 5 | 197:212 | 19 | 3 |
10. | სტად ფრანსე | 9 | 4 | 0 | 5 | 178:196 | 17 | 1 |
11. | ლა როშელი | 9 | 3 | 0 | 6 | 189:221 | 17 | 5 |
12. | პო | 9 | 3 | 0 | 6 | 157:269 | 13 | 1 |
13. | აჟენი | 9 | 2 | 0 | 7 | 173:227 | 10 | 2 |
14. | ოიონაქსი | 9 | 2 | 0 | 7 | 172:304 | 10 | 2 |
მომდევნო ტური. 4-6 დეკემბერი
პო - რასინგი, ტულონი - აჟენი, კასტრი - მონპელიე, ლა როშელი - გრენობლი, სტად ფრანსე - ბორდო, ტულუზი - ოიონაქსი, ბრივი - კლერმონი