კალათბურთი

15:14 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობი მიდის...

“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი კობი ბრაიანტი საკალათბურთო კარიერას 2015-16 წლების სეზონის შემდეგ დაასრულებს. წერილში, რომელიც ვებ-გვერდ The Players’ Tribune-ზე გამოქვეყნდა, კობიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება.

ბრაიანტი ნბა-ს ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ლიგაში ერთი გუნდის რიგებში ჩატარებული სეზონების (20) მხრივ რეკორდსმენია. ამას გარდა, ამერიკელ კალათბურთელს ნბა-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულების მხრივ მე-3 შედეგი აქვს და ლიგის “ყველა ვარსკვლავთა მატჩში” მონაწილეობა 17-ჯერ აქვს მიღებული.

მიმდინარე სეზონში ბრაიანტის საშუალო მონაგარი 31.0 წუთი, 15.6 ქულა, 3.5 მოხსნა და 1 ჩაჭრაა, თამაშიდან ზუსტი სროლის პროცენტული მაჩვენებელი კი 31.5%-ს უტოლდება.

“ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. მართალი გითხრათ, თავს ჩინებულად ვგრძნობ. აღნიშნულს უკვე შეგუებული ვარ და არ ვნერვიულობ. თამაშის გაგრძელების სურვილი რომ მქონოდა, ამას აუცილებლად გავაკეთებდი, თუმცა, თავს შევატყვე, რომ ეს ასე აღარ გახლავთ.

რაც შეეხება 2016 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას, ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება.

ერთ-ერთ პირველი, ვინც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, მაიკლ ჯორდანი გახლდათ. რა რეაქცია ჰქონდა? მითხრა, რომ დასვენებით დავმტკბარიყავი”, - განაცხადა კობიმ “ინდიანა პეისერზთან” დღეს დილით ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 ქულა (თამაშიდან 20-დან 4 ტყორცნა), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

საინტერესოა, რომ ბრაიანტის განცხადებიდან ათიოდ წუთში “ლეიკერსის” მომავალ მატჩებზე ბილეთების ფასმა აწევა დაიწყო. მაგალითად, კალიფორნიული გუნდის მომდევნო თამაშზე, რომელიც “ფილადელფია სიქსერზის” წინააღმდეგ გახლავთ დაგეგმილი, ყველაზე იაფი ბილეთი 60 დოლარი ღირს.

0.137354