რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიტალი მუტკომ აღნიშნა, რომ უახლოეს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რუსული კლუბები თურქი ფეხბურთელების შეძენას ვერ შეძლებენ.
ამის შესახებ მუტკომ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რ-სპორტს” განუცხადა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამსაქმებლებს 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთის პასპორტის მქონე ადამიანების სამსახურში აყვანა აუკრძალა, ხოლო ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბებს მისცა რეკომენდაცია, თურქეთში დაგეგმილი შეკრებები გააუქმონ. იგივე აკრძალვა შეეხო რუსულ რაგბის კლუბებსაც.
“თუ ვინმე გადაწყვეტს თურქი ფეხბურთელის მიწვევას, მას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამისი შანსი არ ექნება. წინდაწინ საუბარი არ ღირს, ეს სიგნალი კი, უკვე ყველამ მიიღო” - თქვა საფეხბურთო ფუნქციონერმა და იქვე აღნიშნა, რომ ის თურქი ფეხბურთელები, რომელთაც რუსულ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ, რუსეთში თამაშს გააგრძელებენ: “ვისაც კონტრაქტი აქვს, ისინი დაუბრკოლებლივ ითამაშებენ”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ შემოიღო, რაც თურქებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.