ფეხბურთი

12:09 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძეს მოწინააღმდეგის ფეხბურთელები ეცოდება

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში, ლუცკის “ვოლინმა” ზაპოროჟიეს “მეტალურგი” 9:1 გაანადგურა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ კი დუბლი შეასრულა (იხილეთ ვიდეო).

28 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი მე-4 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა, ხოლო 23-ე წუთზე მასპინძლები 4:0 დააწინაურა. ნამატჩევს მას კომენტარი უკრაინელმა ჟურნალისტებმა თხოვეს.

“ფეხბურთში ასეთებიც ხდება - 9:1. “მეტალურგის” შემადგენლობაში ახალგაზრდები მრავლად არიან და ხშირად ცდებოდნენ, ჩვენ კი, პრაქტიკულად ყველა მომენტი გამოვიყენეთ. მოწინააღმდეგისთვის ძალიან უსიამოვნო შედეგი დადგა, მაგრამ მათ ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავთ და კარგი მომავალი აქვთ. კარგია ამდენი გოლი რომ გავიტანეთ, მთავარი კი, 3 ქულის აღებაა. სუფთა ადამიანურად “მეტალურგის” ფეხბურთელები მეცოდებიან, თუმცა, ჩვენიც უნდა გაიგოთ - ფეხბურთელები ვართ, მოედანზე სათამაშოდ და გასატანად გავდივართ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიამაც არ შეწყვიტა ბრაზილიის კარში გოლების გატანა. ჩვენ უბრალოდ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ” - თქვა კობახიძემ.

მომდევნო ტურში “ვოლინი” დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ეთამაშება, ვისაც კობახიძის კონტრაქტი ეკუთვნის და “ვოლინში” განათხოვრების წესით თამაშობს. ალექსანდრე ამბობს, რომ ამ თამაშს მისთვის განსაკუთრებით პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება.

“ალბათ, მხედველობაში განათხოვრებული ფეხბურთელები გყავთ. ამის შესახებ არაერთხელ უკითხავთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველა თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. რაიმე განსაკუთრებულ პრინციპულობას არ ვგრძნობ. უბრალოდ გავალ მოედანზე და გავაკეთებ ყველაფერს, რათა წარმატებას მივაღწიო” - დაამატა კობახიძემ.

0.122188