ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანზე დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ ესანეთის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ქართველი კალათბურთელის “ლაბორალ კუჩამ” სტუმრად გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ყოფილი კლუბი “სარაგოსა” 90:66 გაანადგურა, თოკომ კი 22:57 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია, რითაც ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბასკურმა კლუბმა 7 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერებს შორის იმყოფება. “ლაბორალ კუჩა” მომდევნო მატჩში, 6 დეკემბერს, შინ, “იბეროსტარ ტენერიფეს” უმასპინძლებს.
წარმატებული დღე ჰქონდა გიორგი შერმადინსაც, რომელმაც გასვლით მატჩში “მურსიას” 15 ქულა ჩაუგდო, თუმცა, მისმა “მორაბანკ ანდორამ” 72:76 წააგო.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21:23 წუთი დაჰყო და 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა და აღნიშნულს 2 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ანდორელებმა 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და 18-გუნდიან ლიგაში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან. 6 დეკემბერს, შერმადინის გუნდი აუტსაიდერ “გიპუსკოა ბასკეტს” უმასპინძლებს.