რაგბი

16:48 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკ იგანმა განვლილი 4 წელი შეაფასა

ლოს ანჯელესში გამართული ეგრეთწოდებული მეორე დონის ქვეყნების მთავარი მწვრთნელების სემინარის შემდეგ, “მსოფლიო რაგბის” განვითარების მენეჯერმა მარკ იგანმა “მსოფლიო თასის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც განვლილ მსოფლიო თასზე ამ ქვეყნების ნაკრებების წარმატებული თამაში განაპირობა.

“განვლილი მსოფლიო თასი მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებისთვის უდავოდ წარმატებული იყო. ყველანაირი სტატისტიკური მონაცემების დანგრევის შემდეგ, სიხარულით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით პოზიტიური გაუმჯობესებები მოხდა. უფრო მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ შერკინებაში, დერეფანში და სათამაშო დროის ხანგრძლივობაში. გარდა ამისა, გამოჩნდა ის მიმართულებებიც, სადაც მომდევნო ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში მეტი სამუშაო გვაქვს” - თქვა იგანმა.

განვლილ თამაშებში, სხვა მსოფლიო თასის შეხვედრებისგან განსხვავებით, მეორე დონის ნაკრებებმა, პირველი დონის გუნდებისგან ნაკლები ქულა გაუშვეს და თავად მეტი ლელო გაიტანეს. ციფრებს თუ შევხედავთ, 2011 წლის მსოფლიო თასთან შედარებით სხვაობა 20 პროცენტით შემცირდა და უწინდელი 37 ქულის ნაცვლად, სხვაობის საშუალო მაჩვენებელი 30-მდე შემცირდა. ამ შემცირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა იმ ფინანსურმა დახმარებამ, რომელიც განვლილი ციკლის განმავლობაში მეორე დონის ქვეყნებზე დაიხარჯა.

“მეორე დონის ქვეყნებს, პირველი დონის გუნდებთან შედარებით, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად შეზღუდული ფინანსური საშუალება ჰქონდათ. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ქვეყნის რაგბის კავშირებთან აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და არსებული რესურსების გამოყენებაზე. მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეული დოლარი დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ და მოხარული ვარ, რადგან კავშირების უმრავლესობამ არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა” - ამბობს იგანი.

“მსოფლიო რაგბის” პროგრამის ფარგლებში, 106 მწვრთნელი და რაგბის ჩინოსანი მუშაობდა მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში და ყველა მათგანის გარჯა შედეგი გამოიღო. მაგალითისთვის, იაპონია კარგი იყო სტატიკაში და ეს დერეფნის სპეციალისტის სტივ ბროტვიკის და ფრანგი შერკინების მწვრთნელის, მარკ დალ მაზოს დამსახურებაა.

“კარგია, რომ ედი ჯონსი ჩვენთანაა. ჩვენ მიზანმიმართულად გვსურდა მისი აქ ყოფნა, რათა პირადად გვიამბოს რა გააკეთა გასული ოთხი წლის და განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. როგორ მიუდგა სამუშაოს და რას მიიჩნევდა პირორიტეტულად მომზადების პროცესში. ვფიქრობ, მისგან ყველა მწვრთნელს შეუძლია რაღაცის სწავლა. ვფიქრობ, მწვრთნელების დამსახურებით იაპონიამ ამ მსოფლიო თასზე მართლაც ძალიან ბევრს მიაღწია” - ყვება იგანი.

იაპონიის ნაკრები ერთ-ერთი იყო იმ სამი გუნდიდან, რომელთაც საკუთარი დერეფანის აგდებისას 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ისინი ასევე მესამე ადგილზე იყვნენ შერკინებაში. მათი სიზუზსტე საუკეთესო იყო განვლილ წლებთან შედარებით, წინა ტურნირებთან შედარებით, დაუშვეს ნაკლები შეცდომა და შედეგად დაამარცხეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა. ეს იყო იაპონელთა პირველი გამარჯვება 24 წლის მანძილზე მსოფლიო თასზე და ამას მოყვა გამარჯვებები სამოასთან და აშშ-სთან. ძალისა და გამძლეობის კუთხით დიდი სამუშაო გაწიეს “მსოფლიო რაგბის” კონსულტანტებმა კრეიგ უაითმა (ურუგვაი), კალვინ მორისმა (საქართველო) და ჯონ პრაიორიმ (იაპონია), რითაც ეს გუნდები კონკურენტუნარიანები გახდნენ რეიტინგში მათზე წინ მყოფ ნაკრებებთან შედარებით. ავიღოთ ურუგვაი, რომელმაც ინგლისის, ავსტრალიისა და უელსისგან ჯამში 179 ქულა გაუშვა, მაგრამ აქედან მხოლოდ 50 საათის თავზე.

“ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, მაგრამ თავს პროფესიონალებად ვგრძნობდით “მსოფლიო რაგბის” თანადგომის ფონზე. გვყავდა ძალიან ბევრი ტექნიკური კონსულტანტი და შედეგად, მსოფლიო თასის მსვლელობისას თავს კომფორტულად ვგრძნობდით. მოთამაშეებს კარგად მოვამზადებდით, მაგრამკრეიგის დახმარებით, ერთი თავით მაღლა ავედით. მისი გავლენა ყველასათვის თვალსაჩინო იყო” - თქვა ურუგვაელმა პაბლო ლემონმა.

“მსოფლიო რაგბის” დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სარეკორდო ოდენობის ტესტ-მატჩების გამართვა, რამაც გაზარდა მოთამაშეთა რაოდენობა და კონკურენცია. ნამიბიისთვის ფასდაუდებელი იყო ის ორი ტესტი რუსეთთან, რომელიც გუნდმა ივლისში ჩაატარა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ფილ დევისი ამბობს:

“იმ დროისთვის ჩვენ მსოფლიოს რეიტინგში 23-ე ადგილზე ვიყავით, ხოლო მეტოქე, რომელსაც ისტორიაში პირველად ვძლიეთ, მე-18”.

2015 წელს ახალი ზელანდია სამოას აპიაში ეწვია, ხოლო ავსტრალია, პირველად 40 წლის განმავლობაში, აშშ-ს ეწვია.

“2007 წლიდან 2011 წლამდე, პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის 25 შეხვედრა გაიმართა, ახლა კი, ეს მაჩვენებელი 35-მდე გაიზარდა. ჩვენ ვაგრძელებთ კონკურენციის დონის ზრდას. აშშ და კანადა წყნარი ოკეანის თასში ჩაერთვნენ, შევინარჩუნეთ ბუქარესტის ერთა თასი და თბილისის თასი, ასევე გაფართოვდა ნოემბრის ტესტ-მატჩების პროგრამა. ვფიქრობთ, კონკურენციისთვის საუკეთესო მოდელი მივიღეთ” - ამბობს იგანი.

0.13154