ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მოხდა, სადაც ლაშამ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ტალახაძემ ატაცში 207 კილოგრამიანი შტანგა ასწია და მცირე ვერცხლის მედალი მიიღო, აკვრაში კი 247 კგ-ით მე-3 იყო. საბოლოოდ, ლაშას 454 კგ. მოუგროვდა, რაც ჯამურად მე-2 შედეგი გახლდათ.
ორივე დისციპლინაში შეუდარებელი იყო რუსი ალეკსეი ლოვჩევი, რომელმაც ატაცში 211 კგ. დასძლია, აკვრაში კი ერთბაშად 264-კილოგრამიან (!) შტანგას მოერია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სარეკორდი აღმოჩნდა მისი ჯამური შედეგიც – 475 კგ. ბრინჯაოს მედალი ესტონელ მარტ სეიმს (438 კგ. 190+248) ერგო.
აღსანიშნავია, მძიმე წონაშივე ირაკლი თურმანიძის მიერ B ჯგუფში ატაცში ნაჩვენები შედეგი (202 კგ.) მე-4 აღმოჩნდა და მას მცირე ბრინჯაოს აღებამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯამში, ირაკლიმ 422 კგ-ით მე-12 შედეგი აჩვენა და ტალახაძესთან ერთად, საქართველოს ნაკრებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულები მოუტანა.