ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მოთამაშე ბურჯანაძემ მე-10 ტურშიც გაიბრწყინა და 30-ქულიან ზღვარს კიდევ ერთხელ გადააბიჯა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ ბექამ ჩემპიონატის მატჩში 33 ქულა ჩააგდო, გასულ ტურში თავი 27 ქულით გამოიჩინა, ამჯერად კი, 31 ქულა მიითვალა. ეს “კოკინასან” მატჩში მოხდა, რომელიც ლა კორუნიელებმა 95:83 მოიგეს, ქართველი ფორვარდი კი, ცხადია, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და 36:46 წუთში 11-ვე (!) ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა და 2 პასი წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ბურჯანაძის საშუალო მონაგარი 19.2 ქულაა და ის მთელს ლიგაში მხოლოდ “პალმა ეარ ეუროპას” ესპანელ ლიდერ რიკარდო გუილენ მენდოზას (22.7) ჩამორჩება.
“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 7 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 5 დეკემბერს, სტუმრად, “ოვიედოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.