საქართველოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” “დიდი 10”-ის მე-11 ტურში სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე აღზევდა.
ტურის პირველ სათამაშო დღეს “ლელო-სარასენსი” “არმიას” შეხვდა და 15:9 იმარჯვა. მიუხედავად მცირე სხვაობისა, პრემიალური ქულა ორივე გუნდს შეხვდა, რადგან ლელოელებმა 15-ვე ქულა ლელოებით მოიპოვეს. ჩემპიონმა პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანა და 3 ჯარიმა გაუშვა, მეორე ტაიმში ქულა არ გაუშვა, თავად კი, კიდევ ორი ლელო გაიტანა. რადგან “ლელო-სარასენსმა” გარდასახვები არაზუსტად ურტყა, მცირე სხვაობისთვის პრემია არმიასაც შეხვდა.
აქამდელი ლიდერი გორის “ჯიქი” “შევარდენზე” თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა. გორელებმა პირველ ტაიმში ერთადერთი ჯარიმა გაიტანეს, ზუსტად ხარაზიშვილმა დაარტყა, რაზეც ლელოელებმა კალანდაძის ჯარიმით, ფოფხაძის ლელოთი და იმავე კალანდაძის გარდასახვით უპასუხეს (3:10). თამაში რომ განახლდა ხარაზიშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, კალანდაძემ ზუსტი დარტყმით უპასუხა, რის შემდეგაც ინიციატივას სრულად “ლოკომოტივი” დაეუფლა.
სათამაშო უპირატესობა მალე ლელოდ იქცა, ფეხით გადაკიდებულ ბურთს კალნდაძე მიჰყვა, ოვალი მოედნიდან ისე ახტა, რომ მცველმა ვერ მოიხელთა და შემტევმაც ლელო გაიტანა. თამაში რომ განახლდა “ლოკომოტივის” კარგი შეტევა 22-ის ხაზთან შეწყდა, “ჯიქმა” ბურთი ჩაჭრა და კიდეზე მოიგერია, მაგრამ ბურთი თამაშში სწრაფად დაბრუნდა, ჩათვლის მოედნიდან 25 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ის ძნელაძემ “მოიპარა”, მოკლე ფრთაზე შეუტია და მიზანს უწია, ხოლო კალანდაძემ გარდასახა - 25:6. თბილისელები პრემიალურ ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ შერკინებიდან ბურთის გატანისას შეცდნენ, ზაბახიძემ ის სუხაშვილს გაატანა და ხარაზიშვილმაც გარდასახვა შეასრულა, მაგრამ “ჯიქს” ლიდერობის დათმობა მაინც მოუხდა - 13:25.
რუსთავში ქვედა ოთხეულის გუნდების ჯახი გაიმართა. რუსთავის “ხარები” “აკადემიასთან” მოგების შემთხვევაში ექვსეულში შევიდოდა, მაგრამ ტაიმი 0:3, ხოლო თამაში 3:8 დათმო და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. შედეგად, მას ქულებით აკადემიელები გაუსწორდნენ და ახლა ორივენი ერთად, ექვსეულის მიჯნაზე იმყოფებიან.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური
28 ნოემბერი
რუსთავი. ახალი
ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 3:8
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 9:15
თბილისი. “შევარდენი”
ჯიქი (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:25
29 ნოემბერი
თბილისი. “შევარდენი”
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
ქუთაისი. “აია”
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
28/11 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ლელო სარასენს თბილისი | 11 | 8 | 1 | 2 | 2 | 1 | 0 | 202:156 | +46 | 22/14 | 37 |
2 | ჯიქი გორი | 11 | 7 | 1 | 3 | 3 | 2 | 0 | 184:116 | +68 | 22/08 | 35 |
3 | ლოკომოტივი თბილისი ^ | 11 | 7 | 0 | 4 | 1 | 4 | 0 | 216:165 | +51 | 22/11 | 33 |
4 | ბათუმი ბათუმი | 10 | 7 | 1 | 2 | 1 | 2 | 0 | 174:130 | +44 | 14/05 | 33 |
5 | აია ქუთაისი | 10 | 6 | 1 | 3 | 1 | 1 | 0 | 169:140 | +29 | 12/10 | 28 |
6 | ყოჩები ბოლნისი | 9 | 4 | 0 | 5 | 1 | 3 | 0 | 146:149 | -3 | 13/13 | 20 |
7 | აკადემია თბილისი ^ | 11 | 4 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 099:156 | -57 | 05/15 | 19 |
8 | ხარები რუსთავი | 11 | 4 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 122:173 | -51 | 10/20 | 19 |
9 | არმია თბილისი | 11 | 2 | 1 | 8 | 0 | 5 | 0 | 183:253 | -70 | 11/29 | 15 |
10 | არმაზი თბილისი | 9 | 0 | 1 | 8 | 0 | 5 | 0 | 125:182 | -47 | 11/17 | 7 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო | 28/11 @ 17.45 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |