ფეხბურთი

16:40 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონს თურქული კომპანია ააშენებს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს თურქული კომპანია bahadir kul architects-ი ააშენებს. ამის შესახებ “დინამოს” ფეისბუქგვერდი იტყობინება. დღეს სასტუმრო “რედისონში” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ თურქული კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად საზოგადოებას სტადიონის პროექტის დეტალები წარუდგინეს.

სტადიონი 20 ათას მაყურებლზე გათვლილი და უეფას სტანდარტების იქნება. აღსანიშნავია, რომ გარდა საფეხბურთო მატჩებისა, არენას სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობაც ექნება. როგორც ცნობილი ხდება, სტაიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.

თვითონ სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა “ხორუმის” კონცეფციაზე შეიქმნება. კერძოდ, შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს გაიმეორებს. ტრიბუნები კი მთლიანად გადახურული იქნება.

რაც შეეხება თურქულ კომპანიას, რომელიც სტადიონს ააშენებს: bahadir kul architects-ს მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. აქამდე ამ კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთსა და კამერუნში.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა წინასწარი გათვლებით, დამდეგი წლის აპრილში დაიწყება და 2016 წლის ბოლოსთვის საძირკველი დასრულებული იქნება. ხოლო სტადიონის მშენებლობის მთლიანად დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის ივარაუდება.

0.158317