საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი 25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტებს შეხვდა. ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტის სტატუსით თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე მეორედ იმყოფებოდა. სტუდენტებს ლევან კობიაშვილთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავაც გაესაუბრა.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მას ასამდე სტუდენტი დაესწრო. კობიაშვილმა და ჯღარკავამ იმ მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში შეცვლას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კითხვა-პასუხის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს.
ლევან კობიაშვილი : ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა, ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი კი ნიკა ჯღარკავაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტად ავირჩიეთ. ჩვენ ზუსტად ვიცით რა რეალობაში ვართ და რის გამოსასწორებლად უნდა ვიმუშავოთ. ერთ-ორ წელიწადში მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი ნამდვილად ვერ გვექნება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, მაგრამ თუ სწორ ხედვას ჩამოვაყალიბებთ და პრიორიტეტებს სწორად განვსაზღვრავთ დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მივაღწევთ.
ნიკოლოზ ჯღარკავა : ჩემთვის სასიამოვნოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა. 2005 წელს სწორედ აქ ავიღე პირველი დიპლომი. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტობა. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელზეც გავლენას ფედერაციის მმართველების ცვლა ვერ მოახდენს, გვინდა რამდენიმეწლიანი გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ შედეგებს აუცილებლად მოგვიტანს.
შეხვედრას დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
ლადო პაპავა: ყოველთვის ვიყავი და ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, მიხარია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობდა და გარკვეულწილად სპორტის ეს სახეობა ეროვნულობის გამოხატულება იყო. მახსოვს ის დღე, როცა თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო, ეს ჩვენთვის უდიდესი დღესასწაული იყო. ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ბევრი ნეგატივი დაგროვდა, მაგრამ მეც და გულშემატკივარსაც შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებამ დიდი იმედი ჩაგვისახა. მჯერა ქართულ ფეხბურთში ვითარება კარგისკენ შეიცვლება.
შეხვედრის ორგანიზატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი იყო.
სფფ-ის პრესსამსახური