ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა პირველი სალიცენზიო ქულები მოიპოვა. საერთო ჩათვლაში 2 ქულა გიორგი ლომთაძემ შეიტანა, რომელიც ძალები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში სცადა.
შეგახსენებთ, რომ ლომთაძემ C ჯგუფში 331 კგ. (149+182) დასძლია, საბოლოოდ კი, 24-ე შედეგი აჩვენა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის თქმით, საერთო ჯამში, ჩემპიონატის დონის ფონზე, ეს ნორმალური შედეგია.
ცნობისთვის, აღნიშნულ წონაში ჩემპიონი ყაზახეთის წარმომადგენელი ნიჯატ რაჰიმოვი გახდა 372 კგ-ით (165+207), რომელმაც ჩრდილოკორეელ კიმ კვან-სონს პირადი წონით აჯობა, მე-3 ადგილზე კი ეგვიპტელი მოჰამედ იჰაბი (363 კგ.) გავიდა.
საინტერესოა, რომ ატაცის შემდეგ, ოქროს მედლის უმთავრესი კანდიდატი ჩინელი ლუ ქსიაოჯუნი იყო, რომელმაც მოძრაობა 4-კილოგრამიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა, აკვრაში სამივე ცდა გაუფუჭდა და შეჯიბრს გამოეთიშა.
გოგონათა ტურნირში დებიუტი ჰქონდა თათია ლორთქიფანიძეს, რომელმაც 63 კგ-დე წონით კატეგორიაში ჯამური 174 კგ. (79+95) დასძლია. სამწუხაროდ, პირველი მისვლის დროს, თათიამ ტრავმა მიიღო და საბოლოოდ, C ჯგუფში ათ მონაწილეს მე-8 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე კიდევ 6 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: რაულ ცირეკიძე (94 კგ.), გია მაჭავარიანი (105 კგ.), გიორგი ჩხეიძე (105 კგ.), ლაშა ტალახაძე (მძიმე), ირაკლი თურმანიძე (მძიმე) და ანასტასია გოტფრიდი (მძიმე).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას ვან დერ ვილი ჯობია