ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ათი მატჩიდან 9 გაიმართა. პარიზული ტერაქტის გამო გადაიდო ერთი და ამრიგად, აბსოლიტურად ყველა ჯგუფში, თითო გადადებული შეხვედრა დაგროვდა, რომელთა გამართვის თარიღიც მოგვიანებით დადგინდება.
პირველ ჯგუფში მეორე თამაში გამართა ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” ამჯერად, ფრანგულ დერბიში, “ოიონაქსი” 24:18 დაამარცხა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და მისმა გუნდმაც დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა ვერ აიღო. კაკოვინმა 5-ჯერ შეუტია, 4 პასი გააკეთა და ბურთიანად 3 მეტრი გაიარა, რაც ჯამში დიდი ვერაფერი შედეგია, მაგრამ შეასრულა უზარმაზარი შავი სამუშაო.
პირველი ტაიმით 10 500 მაყურებელი უკმაყოფილო დარჩებოდა, რადგან სტუმართა ორ ადრეულ ჯარიმას, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. “ტულუზი” მეორე ტაიმში აბურთავდა და სამი ლელო გაიტანა, თავად კი კონტრშეტევებზე ორი გაუშვა და ანგარიშში მცირე სხვაობაც ამის შედეგია.
მეორე ჯგუფში დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილის და იური ნატრიაშვილის “კლერმონმა” 17 ათასამდე მაყურებლის წინაშე უელსის “ოსპრეიზი” 34:29 დაამარცხა. მასპინძლებმა 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღეს, მაგრამ 4 ლელო თავადაც გაუშვეს, სტუმრები მცირე სხვაობით დამარცხდნენ და 2 ქულა მათაც შეხვდათ. მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობაში პირველად ითამაშა აწ უკვე ყოფილმა “ბორჯღალოსანმა”, ბურჯმა ზირაქაშვილმა. მსოფლიო თასის შემდეგ, კლუბის პირველსავე ვარჯიშზე, მან ყბის ზედა ძვალი მოიტეხა, ტვინის შერყევა მიიღო და აქამდე ამის გამო არ თამაშობდა.
ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 62 წუთი გაატარა, ამ პერიოდში 3-ჯერ შეუტია და ჯამში 4 მეტრი გაიარა. ის კარგად გაისარჯა დაცვაში და 10 ბოჭვა შეასრულა. კოლელიშვილმა შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა, მოკლე დროში ბურთი 7-ჯერ მიიღო, ჯამში 11 მეტრი იარა და ორ შემთხვევაში უელსელთა მცველი კონტაქტით გადააყირავა. მის ანგარიშზეა 2 ბოჭვა.
“კლერმონმა” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და 20:3 დაწინაურდა, “ოსპრეიზი” მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეეგუა, მეორე ტაიმის 10 წუთში ორი ლელო თავადაც გაიტანა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მასპინძლებმა ტემპს უმატეს და 67-ე და 75-ე წუთებზე გატანილი ლელოებით 34:17 დაწინაურდნენ, თანაც პრემიალური ქულაც გაინაღდეს, მაგრამ ბოლოს მოეშვნენ, 2 წუთში ორი ლელო გაუშვეს და უელსელებს სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენის საშუალება მისცეს.
მესამე ჯგუფში შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორზმა” ინგლისის “ნორთჰემპტონს” უმასპინძლა და 15:26 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კვაჭს სწორედ ამ დღეს ჰქონდა შოტლანდიურ გრანდში ერთი კვირით გადადებული დებიუტი. ის სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე გასვლა უკვე მე-8 წუთზე მოუწია. სპეციალისტების შეფასებით, “ბორჯღალოსანმა” გუნდისგან განსხვავებით კარგად ითამაშა და მარცხი მხოლოდ იმის მიზეზია, რომ მას გვერდს ნაკრების მოთამაშეები არ უმშვენებდნენ.
72 წუთში მამუკაშვილმა ბურთი 7-ჯერ მიიღო და ჯამში 8 მეტრი მოიგო, ერთხელ კი, მცველი კონტაქტით ჩამოიშორა, შეასრულა 6 ბოჭვა, თამაშის წესი არ დაურღვევია და დერეფნებში ბურთი 11-ჯერ ააგდო ზუსტად. სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, 51-ე წუთამდე სამი ლელო გაიტანეს და 26:10 დაწინაურდნენ. 57-ე წუთზე “გლაზგომ” თავისი მეორე ლელოთი სხვაობა შეამცირა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და პრემია ვერცერთმა ვერ აიღო.
ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი 92”-მა “სკარლეტსი” უელსში, 8 500 ადგილობრივი მაყურებლის წინაშე 29:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, მისმა თანაგუნდელებმა კი, პირველ ტაიმში მეტოქისგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს, 4 ლელო გაუტანეს და 26:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე რეფერიმ პარიზელებს ლე რუ წითელი ბარათით გაუძევა, მასპინძლებმა კაცნაკლულ მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ თამაშს ვერ უშველეს.
მეოთხე ჯგუფი დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსეს” ირლანდიური “მანსტერისთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა, პარიზელებმა თამაშის გადადება ითხოვეს და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
მეხუთე ჯგუფში თასის მფლობელი, მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” ინგლისში “უოსპსთან” 6:32 დამარცხდა. სამივე ქართველმა შეცვლაზე ითამაშა - ჩილაჩავამ 41-ე, მიქაუტაძემ 51-ე და გორგოძემ 59-ე წუთებიდან, მაგრამ წაგებული თამაში ვეღარ შემოაბრუნეს. მასპინძლებმა ტაიმი 20:6 მოიგეს, თამაში რომ განახლდა მესამე, ხოლო 65-ე წუთზე მეოთხემ, პრემიალური ლელო გაიტანეს.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქართველი ლეგიონერები თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ. ჩილაჩავამ 40 წუთში 7-ჯერ მიიღო ბურთი, 10 მეტრი წაიწია, ერთხელ მცველი კონტაქტით ჩამოიშორა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ერთი ოფლოუდიც გაახერხა. დაცვაში მან 2 ბოჭვა გააკეთა. მიქაუტაძემ 6 შეტევით 11 მეტრი იარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ორი პასი გააკეთა, ერთხელ კი, თერნოვერი გაახერხა. მის ანგარიშზეც ორი ბოჭვაა. გორგოძემ 20 წუთში 8 შეტევით 24 მეტრი იარა, ერთხელ მცველი კონტაქტით ჩამოიშორა, 4 პასი და 3 ოფლოუდი გაახერხა, მის ანგარიშზეც 2 ბოჭვაა და მოიგო ერთი დერეფანი.
2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი
I ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - სარასენსი (ინგლისი) 9:27
ტულუზი (საფრანგეთი) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 24:18
1. | სარასენსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 59:16 | 9 | |
2. | ტულუზი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 31:50 | 4 | |
3. | ოიონაქსი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 18:24 | 1 | |
4. | ოლსტერი (ირლანდია) | 1 | 0 | 0 | 1 | 9:27 | 0 |
მომდევნო ტური. 11-13 დეკემბერი
ოლსტერი - ტულუზი, ოიონაქსი - სარასენსი
II ჯგუფი
ექსეტერი (ინგლისი) - ბორდო (საფრანგეთი) 34:19
კლერმონი (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი) 34:29
1. | ოსპრეიზი (უელსი) | 2 | 1 | 0 | 1 | 54:47 | 6 | |
2. | კლერმონი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 34:29 | 5 | |
3. | ექსეტერი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 47:44 | 5 | |
4. | ბორდო (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 19:34 | 0 |
მომდევნო ტური. 12 დეკემბერი
ექსეტერი - კლერმონი, ოსპრეიზი - ბორდო
III ჯგუფი
გლაზგო უორიორზი (შოტლანდია) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 15:26
სკარლეტსი (უელსი) - რასინგი 92 (საფრანგეთი) 12:29
1. | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 41:26 | 8 | |
2. | რასინგი 92 (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 29:12 | 5 | |
3. | სკარლეტსი (უელსი) | 2 | 0 | 0 | 2 | 23:44 | 1 | |
4. | გლაზგო უორიორზი (შოტლანდია) | 1 | 0 | 0 | 1 | 15:26 | 0 |
მომდევნო ტური. 12 დეკემბერი
გლაზგო უორიორზი - სკარლეტსი, რასინგი 92 - ნორთჰემპტონი
IV ჯგუფი
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) 3:36
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) (გადაიდო)
1. | ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 69:23 | 10 | |
2. | მანსტერი (ირლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 32:7 | 5 | |
3. | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 20:33 | 0 | |
4. | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 2 | 0 | 0 | 2 | 10:68 | 0 |
მომდევნო ტური. 12 დეკემბერი
ბენეტონი - სტად ფრანსე, მანსტერი - ლესტერი
V ჯგუფი
ბათი (ინგლისი) - ლენსტერი (ირლანდია) 19:16
უოსპსი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 32:6
1. | უოსპსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 65:12 | 9 | |
2. | ბათი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 19:16 | 4 | |
3. | ლენსტერი (ირლანდია) | 2 | 0 | 0 | 2 | 22:52 | 1 | |
4. | ტულონი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 6:32 | 0 |
მომდევნო ტური. 13 დეკემბერი
ტულონი - ლენსტერი, უოსპსი - ბათი