ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ” იტალიის სერია ა-ს აუტსაიდერ “მანიტალ ტორინოსთან” გასვლით მატჩში დიდი ბრძოლა გადაიტანა და 71:69 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.
მეტრეველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 24 წუთი გაატარა. საბოლოოდ, ნიკას მონაგარი 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი გახლდათ.
ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში საუკეთესონი ლიტველი სიმას იასაიტისი და ამერიკელი ალექს ორიახი იყვნენ, შესაბამისად, 18 და 15 ქულით.
“ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ” ოთხ-ოთხი მოგება-წაგება მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
მეტრეველის კლუბი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, შინ, “დინამო სასარის” წინააღმდეგ ჩაატარებს.