ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანს “ბარსელონასთან” უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდა და სახელოვან გამარჯვებაში (87:79) თავისი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ თოკომ მუხლის ტრავმა მცირე ხნის წინ მოიშუშა და “ლაბორალ კუჩას” თავკაცი ველიმირ პერასოვიჩი მის კიდევ რამდენიმე დღით დასვენებას აპირებდა, თუმცა, კატალონიელებთან ჯახის შემხედვარეს, ქართველ ფორვარდს მოედანზე მაინც უხმო და არც შემცდარა.
შენგელია თამაშში 10:24 წუთით ჩაერთო და მისთვის გამოყოფილ მცირე დროში უაღრესად სარგებლიანი გახლდათ. თორნიკემ 3-ვე ორქულიანი ჩააგდო და ექვს ქულას 1 მოხსნა წაამატა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბასკურ-კატალონიური დაპირისპირება ძალიან დრამატული გამოდგა და მისი ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც “ლაბორალ კუჩამ” 14:6 მოიგო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარიუს ადამსი გახლდათ 24 ქულით. კარგად გაისარჯნენ გუნდის ფრანგი ლეგიონერები – ფაბიენ კოსიე (16 ქულა) და კიმ ტილიც (14 ქულა), ბერძენმა ცენტრმა იოანის ბურუსისმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 13 მოხსნა.
“ბარსელონას” 20 ქულით კიდევ ერთმა ბერძენმა სტრატოს პერპეროღლუმ ულიდერა, ხორვატმა ცენტრმა ანტე ტომიჩმა 14 ქულას 7 მოხსნა წაამატა, ხოლო ამერიკელი ჯასტინ დოელმანის აქტივში 11 ქულა და 6 მოხსნა იყო.
“ლაბორალ კუჩამ” 6 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” გაუტოლდა, ერთპიროვნული ლიდერი კი “ვალენსია” გახლავთ, რომელსაც შვიდივე თამაში მოგებული აქვს.
შენგელიას კლუბი ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს სტუმრად გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ჩაატარებს, მანამდე კი, 26-ში, ევროლიგის ეგიდით, პირეოსის “ოლიმპიაკოსს” ესტუმრება და სავარაუდოა, რომ ქართველი კალათბურთელი უფრო მეტად დაიტვირთება.
"ლაბორალ კუჩა"-"ბარსელონა" (სრული მატჩი)
http://www.acb.com/docs/lbo-fcb.php