ჩოგბურთი

22:47 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ანტალიის ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.

მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ გასულ შეჯიბრზე 5 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ეკატერინემ ჯერ რუმინელ მიჰაელა ჯიოკას სძლია (6:0, 6:1), შემდეგ კი ამერიკელ მარა შმიდტს (6:2, 6:4) და უნგრელებს აგნეშ ბუკტას (6:1, 6:4) და ანა ბონდარს (6:3, 6:2) გაუმკლავდა.

ქართველ ჩოგბურთელს ყველაზე დიდი ბრძოლა ფინალში გადახდა, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ელენა რიბანიკას 7:5, 6:7 (3:7), 6:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 89 ქულით 392-ე ადგილი უკავია, ანტალიური წარმატების წყალობით კი, 12 ქულას შეიმატებს და დაახლოებით 25 პოზიციით დაწინაურდება.

0.11282