კალათბურთი

19:11 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

13 ივლისი NBA-ში

როგორც “მსოფლიო სპორტმა” გუშინ გაუწყათ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე ზაფხულში უამრავი ცვლილებაა მოსალოდნელი და ბევრი ვარსკვლავი მომავალ სეზონში ახალი გუნდის მაისურით ითამაშებს.

გუშინდელი დღე, ამ მხრივ, საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე საინტერესო კონტრაქტიც გაფორმდა.

“მაიამი ჰიტმა” თავის ძირითად გამთამაშებელს – მარიო ჩელმერსს ახალი, ორწლიანი და რვა მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზა. “ჰიტში” დაბრუნდა კრის ანდერსენიც, რომელმაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მაიამიში” ითამაშებს ლუოლ დენგიც, რომელიც ორ სეზონში 20 მილიონს გამოიმუშავებს.

პაუ გაზოლმა “ჩიკაგო ბულზთან” სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ჯამში 22 მილიონ დოლარს მიიღებს.

დი ჯეი ოგუსტინი მომდევნო ორი წლის განმავლობაში “დეტროიტ პისტონზში” ითამაშებს და 6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. დეტროიტელებს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავთ – კერონ ბატლერი, რომელმაც ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მისი კონტრაქტის ფინანსური მხარე უცნობია.

ტრევორ არიზა “ჰიუსტონ როკეტსში” გადავიდა. ამ ტრანსფერში ერთბაშად სამი გუნდია ჩართული – “ვაშინგტონ ვიზარდსი”, “ჰიუსტონ როკეტსი” და “ნიუ ორლეან პელიკანსი”.

  • “ვიზარდსმა” “ნიუ ორლეანისგან” მელვინ ელი (უგარანტიო კონტრაქტი), ხოლო “ჰიუსტონისგან” 8.5 მილიონი დოლარი მიიღო.
  • “ნიუ ორლეანმა” “როკეტსისგან” ომერ აშიკი, ომრი კასპი და 1.5 მილიონი დოლარი მიიღო.
  • “ჰიუსტონმა” “ვაშინგტონისგან” ტრევორ არიზა, ხოლო “ნიუ ორლეანისგან” ალონსო ჯი´და 2015 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკი მიიღო

პაუ გაზოლის გარდა, “ბულზმა” მადრიდის “რეალიდან” ნიკოლა მიროტიჩი გადაიყვანა. იგი მომავალი სამი სეზონის განმავლობაში 17 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

“ჰიუსტონი” არ აპირებს, ჩენდლერ პარსონსს 46 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს, შესაბამისად, იგი “დალას მავერიქსში” გადავა და სამ წელიწადში 46 მილიონ დოლარს მიიღებს.

“სან ანტონიოსთან” ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს მეტ ბონერი, რომელიც ვეტერანისთვის განკუთვნილ მინიმალურ ხელფასს მიიღებს. (ბონერის შემთხვევაში, ეს თანხა დაახლოებით 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს)

კირკ ჰაინრიხი “ბულზთან” ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, თუმცა ახალი კონტრაქტის შესახებ, ჯერ-ჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

რიჩარდ ჯეფერსონი ერთწლიან ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს “დალასთან”. ბონერის მსგავსად, ისიც ვეტერანის მინიმალურ ხელფასს მიიღებს (1.4 მილიონი დოლარი).

ბრაიან რობერტსი “შარლოტ ჰორნეტსში” გადავა და მომდევნო ორ სეზონში 5.5 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ უცნობია ბევრი ცნობილი მოთამაშის მომავალი. მათ შორის, ისეთი ვარსკკვლავების, როგორებიც რეი ალენი, ენდრიუ ბაინამი და ლენს სტივენსონი არიან.

ლევან გოგოტიშვილი

თეგებიNBA
0.124309