ჭიდაობა

15:32 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინდური ლიგა ელიტარული მოჭიდავეებით და რეკორდული შემოსავლით

8-28 დეკემბერს ინდოეთში პირველად გაიმართება პროფესიონალთა საკლუბო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას თავისუფალი და ქალთა ჭიდაობის მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ.

ქართველთაგან ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე მიიღებენ.

ჩემპიონატი გუნდური პრინციპით გაიმართება და მასში ინდოეთის 6 კლუბი იასპარეზებს: დელი, უტარ პრადეში, ჰარიანა, პანჯაბი, მუმბაი და ბენგალური. 8-28 დეკემბრის შუალედში ისინი ჯამში 18 შეხვედრას გამართავენ. წინასწარ ეტაპზე გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, შემდეგ კი საუკეთესოები გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში და ფინალში.

ერთი სამატჩო დაპირისპირება 9 შეხვედრისგან შედგება კაცების და ქალების მონაწილეობით. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 5 კატეგორიაში (57, 65, 74, 97 და 125 კგ) იქნებიან წარმოდგენილები, ხოლო ქალები – 4-ში (48, 53, 58 და 69 კგ). თითოეულ გუნდს ერთ შეხვედრაში 4 ლეგიონერის წარდგენა შეუძლია – 2 თავისუფალ სტილში და 2 ქალებში. შეხვედრა სამი სამწუთიანი პერიოდისგან შედგება.

ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კლუბების ფორმირებისთვის ერთი თვით ადრე მოაწყვეს აუქციონი, სადაც კლუბებს შეეძლოთ შეეძინათ ლიგაში ასპარეზობის სურვილის მქონე მოჭიდავეები. ტიტულების გათვალისწინების გარეშე დადგინდა სასტარტო ღირებულება, მაქსიმალურმა თანხამ კი 50 000 დოლარს მიაღწია.

ყველაზე დიდი თანხები გადაიხადეს ქალთა მსოფლიოს ჩემპონატის გამარჯვებულის უკრაინელი ოკსანა ჰერჰელის (62 500) და მსოფლიოს ჩემპონატის პრიზიორის ბელარუსი ვასილისუ მარზალიუკის (61 000) შესაძენად. ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახდნენ ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ინდოელი იოგეშვარ დუტი (60 000) და სუშილ კუმარი (58 000). ასევე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (53 500). ყველა მოჭიდავე დაინტერესებული იყო, კლუბს რაც შეიძლება მაღალ ფასად შეეძინა. სწორედ ეს თანხა შეადგენს ჰონორარს, რასაც მოჭიდავეები მიიღებს ლიგაში მონაწილეობისათვის. აღსანიშნავია, რომ აქამდე, ასეთი ჰონარარები მოჭიდავეებს არცერთ შეჯიბრებაში არ აუღიათ.

აუქციონზე მონაწილეობის უფლება 23 ქვეყნის 160 მონაწილეს მიეცა, აქედან მხოლოდ 60 მიიღებს მონაწილეობას ლიგაში. მყიდველი არ გამოუჩნდა რუსების მსოფლიოს ჩემპონ დაღესტნელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს, რომლის სასტარტო ღირებულება 50 000 დოლარს შეადგენდა. უცხოელებიდან ყველაზე მოთხოვნადი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და უკრაინელი ქალები აღმოჩნდნენ.

ქართველები შემდეგ კლუბებში გადანაწილდნენ: (57) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (53 500) პანჯაბში იასპარეზებს, (97) ელიზბარ ოდიკაძე (29 000) – მუმბაიში. ამავე კლუბში იჭიდავებს სომხეთის სახელით მოასპარეზე (125) ლევან ბერიანიძე (25 700), ხოლო (125) დავით მოძმანაშვილი (27 400) ბენგალურუს ღირსებას დაიცავს.

კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დელის კლუბმა შეიძინა 50 500 დოლარად, თუმცა ქართველმა ფალავანმა ინდურ ლიგაში ასპარეზობაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა. მიზეზი ის გახლავთ, რომ პეტრიაშვილის 10-12 იანვარს თბილისში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

www.wrestling.ge

0.119772