თორნიკე შენგელია თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, „ლაბორალ კუჩას“ ქართველ ფორვარდს 7 ოქტომბერს ექიმებმა მუხლში, მენისკზე კისტა აღმოუჩინეს, თუმცა ოპერაციამდე საქმე არ მივიდა და თოკოს მკურნალობა დაუნიშნეს.
ახლა, რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შენგელიას ტრავმა აღარ აწუხებს და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა შეზღუდული დატვირთვები აქვს. თორნიკე ძირითადად ფიზიკურად ემზადება და გარკვეული მოძრაობების გაკეთება ბურთითაც უწევს.
“მძიმე დატვირთვებისგან ჯერ თავს ვიკავებთ, რადგან შენგელიას დიდი ხანი გაუცდა და ახლა ვაკვირდებით, მის სხეულს მსუბუქ ვარჯიშებზე როგორი რეაქცია ექნება. ახლა, სიფრთხილეა საჭირო, რადგან შესაძლებელია, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, პრობლემაც თავი ისევ იჩინოს. ამ უქმეებზე არა და, შემდეგ ხუთშაბათს, თორნიკე, შესაძლოა, ევროლიგის მატჩში მცირე ხნით ვათამაშო”, - განაცხადა “ლაბორალ კუჩას“ ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა.
ცნობისთვის, დღეს საღამოს ბასკური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში “ბარსელონას” დაუპირისპირდება, 26 ნოემბერს კი, ევროლიგაში ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” ევროლიგის მე-7 ტურის თამაში ელის.