ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ნორვიჩთან” მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში “არისტოკრატებისთვის” მეოთხე ადგილზე გასვლა შეუძლებელი მისია არ გახლავთ.
“სატურნირო ცხრილში თამაშიდან თამაშამდე წინ უნდა წავიწიოთ. მეოთხე ადგილზე გასვლა შეუძლებელი მისია არაა. შუა ადგილებზე მყოფ გუნდებთან ქულები უნდა ავიღოთ და იმ ლიდერებთან, რომელთაც ჩავარდნა ექნებათ. ყველას აქვს ცუდი პერიოდი.” – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
სამმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, “ჩელსიმ” სამი ქულა მოიპოვა და ამჟამად ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება. ჟოზეს გუნდი მეოთხეადგილოსან ლონდონის “არსენალს” 12 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ “ლესტერს” – 14 ქულით.