ფეხბურთი

14:54 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კვარაცხელია სტადიონების, ინვესტორებისა და ქართული ანბანის დაცვას მოითხოვს

სფფ-ს 18 ნოემბრის რიგგარეშე ყრილობამ აღმასკომის ახალი 10 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მონოტონურ ყრილობაზე ჩვეულად აქტიურად გამოვიდა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რომელმაც რამდენიმე მწვავე საკითხი დააყენა. ჩვენც გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ფედერაციის ერთ ერთ დამფუძნებელსა და უეფას მედია ოფიცერს.

-ბატონო მამუკა 18 ნოემბერს რიგგარეშე ყრილობაზე სტადიონების საკითხი წამოსწიეთ.. სანამ ამაზე გკითხავთ, თქვენი აზრი გვაინტერესებს სფფ-ს ახალი აღმასკომის შემადგენლობის შესახებ...

-ფედერაციის შტატი და აღმასკომის შემადგენლობაც რომ უაზროდ გაბერილი იყო, ალბად არახალია, სწორად მოიქცა სფფ-ს ახალი ხელმძღვანელობა, აღმასკომის წევრთა რიცხვი რომ შეამცირა. მათი 90% ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანია და მოხარული ვარ რომ ისინი მოხვდნენ აღამსკომში. დაუკვირდით, იქ ვერ ნახავთ რეგიონული ფედერაციის ვერც ერთ პრეზიდენტს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფიქტიურად არსებობდა, მეტიც - 13 დან 6 რეგიონში საერთოდ არ ტარდებოდა ბავშვთა პირველობები. ამიტომ ახალმა ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად სრულად გამოცვალა აღმასკომი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა, რომ მასში არიან რომან ფიფია, ბესო ჩიხრაძე, ილია ინჯია - ხალხი რომელიც საკუთარი ფულით ინახავს გუნდებს, ნიკა ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე - დღეს საქართველოში ყველაზე უკეთესი საკლუბო მენეჯერები, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე იაშვილი და გოჩა ჯამარაული- ვეტერანი ფეხბურთელები, პირველი ქალი- ნინო სორდია, რომელიც საფეხბურთო ოჯახში დაიბადა - მამამისი გარი სორდია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი იყო, შედარებით უცნობია აკაკი ალადაშვილი, მაგრამ როგორც მითხრეს- იურისტია და თუ ჩემი კრიტიკული გამოსვლები გახსოვთ- ერთი იურისტი მართლაც აუცილებელი იყო აღმასკომში! დაუკმაყოფილებლობის გრძნობა კი მაქვს რომ აღმასკომში არ არის კიდევ 4 მეოხი ქართული ფეხბურთისა: გურამ რუხაძე, რომელიც 20 წელია გუნდს ინახავს, ილია კოკაია, რომელმაც ქართულ სინამდვილეში იმერეთში საფეხბურთო ზღაპარი შექმნა და თბილისშიც კი ააშენა ბაზა, ლექსო თოფურია, რომელიც ანდრო ჟორდანიას ტრადიციების გამგრძელებელად მიმაჩნია და საუკეთესო სკაუტური თვალებითაა დაჯილდოებული და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ერთი პატარა კლუბი საბურთალო ჯერ უმაღლეს ლიგაში, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა!

-სტადიონების თემა მწვავედ დააყენეთ..

- ბოლო ათ წელიწადში, წინა მთავრობის დროს, ჩვენი მამა-პაპების აშენებული სტადიონები საეჭვო წარმოშობის ეკონომიკის მინისტრებს გადაეცათ და მათ კაპიკებად გაყიდეს! გავა თუ არა ის პერიოდი, რომელიც მათ კონტრაქტში უწერიათ (2, 4 ან 10 წელიწადი), რომ არ შეუცვალონ სტადიონს პროფილი, ჰოი საოცრებავ- მაშინვე საკორპუსედ იყიდება!! თუ არ დავიცავით სტადიონები, მათზე ისეთი შეტევა მიდის ვაიბიზნესმენების მიერ კორპუსების ასაშენებლად, რომ მალე საერთოდ აღარ გვექნება ფეხბურთის მოედნები და მერე რაღა აზრი ექნება ჩვენს მუშაობას? აღრიცხული მაქვს - თბილისში სტანდარტული 11 მოედანი გაქრა 2003 წლის მერე, გამქრალ პატარა მოედნებს ხომ თვლა არა აქვთ! კორპუსები და კორპუსები.. მერე გვიკვირს რატომ მოდის ასეთი არასპორტული თაობა და უამრავი დაავადება ბავშვებში... 11 მოედანი ნიშნავს ქუჩაში გაშვებულ 5 000 ბავშვს! ყრილობა უმაღლესი ორგანოა და მე ვთქვი - მოდით, ყრილობამ დაავალოს რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციებს - აღრიცხონ ყველა მოედანი მათ რეგიონებში და ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვოთ დააყენოს პარლამენტში მათი ხელშეუხებლობის საკითხი!

-ყრილობაზე კერძო ინვესტორებიც ახსენეთ..

-დღეს 7 კაცმა რომ თქვას ფეხბურთი აღარ გვინდაო - ქართული ფეხბურთი მოკვდება! მე ვთქვი - მოდით ყრილობამ მიმართოს პარლამეტსა და მთავრობას, რომ რომან ფიფიას (დინამო), ბესო ჩიხრაძეს (გაგრა), ილია კოკაიას (ზესტაფონი), ფრიდონ ინჯიას (მარტვილი), გურამ რუხაძეს (ვიტ ჯორჯია). ლექსო თოფურიას (ლოკომოტივი), ტარიელ ხეჩიკაშვილს (საბურთალო) ღირსების ორდენი მიანიჭონ იმ წვლილისთვის, რასაც ეს ხალხი აკეთებს და ამდენი წელია საკუთარი სახსრებით ინახავენ გუნდებს. ესენი თუ არ წავახალისეთ და არ დავანახეთ სხვა ბიზნესმენებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდში უდგას, ვინ ჩადებს ფულს ქართულ ფეხბურთში? კარგია რომ ხეჩიკაშვილია სპორტის მინისტრი და ეს პრობლემები საკუთარ კისერზე აქვს ნაწვნევი. მისი სიტყვა მომეწონა ყრილობაზე- ვინძლო ბიზნესმა მოიხედოს ფეხბურთისკენ...

-და ბოლოს არ შეძლება არ გკითხოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ემბლემაზე, რაც მართლაც უცნაურად გამოიყურება ქართული ასოების გარეშე...

-ყველა უყურებდა კედელზე გაკრულ ფედერაციის ემბლემას და მე გეკითხებით რომელ ქვეყანას ეკუთვნის ის? GFF -შეიძლება გრენლანდიასაც ჰქონდეს ასეთი აბრევიატურა და გიბრალტარსაც- რატომ არ არის ქართული დასახელება- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ჩვენ ჯი-ეფ-ეფი არ დაგვიფუძნებია 25 წლის წინ! ფიფაში 209 ქვეყანაა და ასე უპატივცემულოდ არავინ ეპყრობა საკუთარ ენასა და ანბანს, რომელიც სხვათა შორის მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტია! სომხებს სომხურად უწერიათ, ებრაელებს- ივრითზე, დანიელებს დანიურად... სასწრაფოდ შესაცვლელია და ალბად ამასაც მიაქცევენ ყურადღებას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117861