ფეხბურთი

10:28 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ორხელისუფლებიანობის აღდგენას შეეცდება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში მსოფლიოს მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და ყურებადი შეხვედრა გაიმართება. მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” მიიღებს და ეცდება, პრინციპულ მეტოქეს ქულებით კვლავ გაუთანაბრდეს.

მადრიდულმა გრანდმა გასულ ტურში “სევილიასთან” შეხვედრა დათმო (2:3) და სეზონში პირველი მარცხი იწვნია, რითაც “ბარსელონამ” ისარგებლა, შინ “ვილიარეალი” გაანადგურა (3:0) და კასტილიელებს 3 ქულით გაუსწრო.

მადრიდელთა ბანაკში მშვენიერი სიახლეებია. ლაზარეთი დატოვეს და განაცხადში მოხვდნენ: ქარიმ ბენზემა, მარსელო, კეილორ ნავასი და დანიელ კარვახალი. ითამაშებს სერხიო რამოსიც, რომელსაც როგორც ითქვა “ელ კლასიკოს” შემდეგ მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება. მადრიდელები მხოლოდ ალვარო არბელოას მოისაკლისებენ, რაც მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო დენის ჩერიშევი რაფაელ ბენიტესის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა განაცხადში.

კარგი ამბებია “ბლაუგრანას” რიგებშიც. 18-კაციან განაცხადში არიან ლიონელ მესი და ივან რაკიტიჩი, რომელთა თამაშიც აქამდე საეჭვო გახლდათ. მესი შესაძლოა თადარიგში იყოს და მეორე ნახევარში გამოჩნდეს მინდორზე, რადგანაც ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არაა. სტუმრებს რაფინია და დუგლასი ჰყავდათ დაშავებული, ხოლო ხორდი მასიპი და მარკ ბარტრა ლუის ენრიკემ არ იახლა მადრიდში.

გასულ სეზონში მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” “რეალის” გამარჯვებით დასრულდა (3:1), ხოლო “ნოუ კამპზე” “ბარსელონამ” რევანშის აღება მოახერხა (2:1).

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანე, დანილო, მარსელო, კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ხესე, ხამესი, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა, რობერტო, მესი/ელ ჰადადი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

“ელ კლასიკოს” გარდა, დღეს ესპანეთში კიდევ ოთხი შეხვედრა შედგება. ტურის გახსნითი მატჩი “ანოეტაზე” შედგება, სადაც “სოსიედადის” ახალ მთავარ მწვრთნელს ეუსებიო საკრისტანს სადებიუტო მატჩშივე რთული გამოცდა ელის. ბასკები “სევილიას” დაუპირისპირდებიან, რომელმაც გასულ ტურში “რეალი” დაამარცხა.

წინა ტურში ”სელტას” გამნადგურებელი “ვალენსია” შინ “ლას პალმასს” მიიღებს და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება, ხოლო “ესპანიოლი” საკუთარ კედლებში “მალაგას” დაუპირისპირდება.

დღის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “დეპორტივო” გალისიურ დერბიში “სელტას” უმასპინძლებს.

0.11473