ძიუდო

19:52 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო სტარტი

ქართველი ძიუდოისტებისთვის ქინგდაოს გრან პრის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ნაკრები ჩინეთში იმ წონითი კატეგორიების სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდით ჩავიდა, რომლებშიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონში ყველაზე მეტად უჭირს. მამაკაცთა გუნდიდან განაცხადში 66 და 100 კილოგრამებში მოჭიდავეები ჩაეწერნენ. 66-ში კიმონოები უკვე მოირგეს ვაჟა მარგველაშვილმა და თორნიკე თათარაშვილმა (ორივე 66 კგ), მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

მარგველაშვილმა ტურნირი საუდის არაბეთის ნაკრების წევრ სულეიმან ჰამადის სამ წუთში ძლევით გახსნა. მეორე წრეში პორტუგალიელ ანდრე სუარეშს ვაზარით აჯობა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა, პირველ ნომრად განთესილ ტუმურხულეგ დავაადორჟთან წაგებით. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი იტალიელ ელიო ვერდესთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 48 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თორნიკე თათარაშვილმა პირველ წრეში ჩინელი დაგა ქინგი ჩამოიშორა, უილეთო შეხვედრაში მოპოვებული ორი შიდოს უპირატესობით (1:3). მეორე წრეში კი გერმანელ რენე შნაიდერთან იუკოს უპირატესობა ვერ გამოიყენა, იპონით წააგო და გრან პრის გამოეთიშა.

ორი მონაწილე ქინგდაოს წინასწარ სიაში საქართველოს ქალთა ნაკრებსაც ჰყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ერთ მათგანს გრან პრიზე გამოსვლა არ შეეძლო – მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) კიმონო შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ მოირგო. ესტერ სტამი (70 კგ) საქმეში ხვალ ჩაებმება. ზეგ კი ტატამზე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ) გავლენ.

0.117358