რაგბი

0:18 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბობოლა” გამოცდილება ჭაბუკთა მწვრთნელთათვის

წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაგბის შემდგომი და უწყეტი განვითარება გაგრძელდეს. ამ მხრივ აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა და წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის ათვისება.

ამ მიზნით, 17 და 18 ნოემბერს განვითარების ჯგუფმა და “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგის მწვრთნელთათვის ერთობლივი მასტერკლასი გამართეს.

მასტერკლასზე, რომელსაც 40-მდე მსმენელი დაესწრო, სამ საკითხზე – უნარების სწავლებაზე, შეტევის სტრუქტურასა და შეტევით რაქზე იმუშავეს. პრაქტიკული მაგალითების დემოსტრაციისას, ჰეიგს ეროვნული ნაკრების მორაგბეები ეხმარებოდნენ.

“საქართველოში მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რაგბის განვითარება და შემდეგ ეტაპზე გადაყვანა და მიმაჩნია, რომ მწვრთნელთა უნარების განვითარებაში ჩემი როლი მაკისრია. მინდა ავღნიშნო, რომ მწვრთნელებთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში მათ შრომისმოყვარეობა, მონდომება და რაგბის მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინეს“, - განაცხადა ჰეიგმა.

მასტერკლასი განვითარების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და სამომავლოდ სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. ღონისძიების მსვლელობისას მწვრთნელებთან ინტერაქციის შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგ მასტერკლასს მთლიანად დაცვაში თამაშს დაუთმობენ, ხოლო მანამდე, იდენტური მასტერკლასი ნაახალწლევს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ჭაბუკთა მწვრთნელთათვის გაიმართება.

“ჩემი და მწვრთნელების აზრით, სემინარი ძალიან სასარგებლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებს მიეცათ საშუალება მილტონ ჰეიგისგან მიეღოთ ინფორმაცია მეთოდიკაზე, შეტევის სტრუქტურასა და რაქში თამაშის თავისებურებებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც “ბორჯღალოსნების” თავკაცი ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელებს თავის უზარმაზარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. მათ თავის მხრივ ის მეთოდიკა უნდა გაიცნონ, რომლითაც ქვეყნის პირველი გუნდი მუშაობს და ნახონ როგორია მთავარი მწვთნელის სარაგბო ხედვა. ეს მწვრთნელებს ჭაბუკი მორაგბეების სწორი მეთოდიკით დაოსტატებაში დაეხმარება“, - განაცხადა მასტერკლასის შეფასებისას განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ.

www.rugby.ge

0.125595