სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თბილისში სამკურნალოდ მყოფი ვეტერანი ფეხბურთელი, „ოქროს გუნდის" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გიორგი სიჭინავა მოინახულა.
საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონმა, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილემ, თბილისის „დინამოს" ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა გიორგი სიჭინავამ ფეხის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. მინისტრთან ერთად ვეტერან დინამოელს „ოქროს გუნდის" კიდევ ერთი წევრი ვლადიმერ ბარქაია შეხვდა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა გიორგი სიჭინავას მოკრძალებული საჩუქარი უსახსოვრა.
„მიხარია, რომ მინისტრი მესტუმრა. ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია, ბატონი ტარიელის ვიზიტმა ძალიან გამახარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩემპიონობიდან ნახევარი საუკუნეა გასული, ვგრძნობ, რომ გულშემატკივრებს ძველებურად ვუყვარვარ. ეს, ცხადია, ძალიან მახარებს"! - განაცხადა გიორგი სიჭინავამ.
„გუშინ, 18 ნოემბერს, 51 წელი გავიდა ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვებიდან. ყველას ვულოცავ ამ თარიღს – ეს ჩვენი ფეხბურთის პირველი და დაუვიწყარი ტრიუმფი იყო. რაც შეეხება ბატონ გიორგის, მსურს მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო! სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ჯეროვან ყურადღებას აქცევდა ვეტერანებს და ჩვენი ეს ნაბიჯიც ამის დადასტურებაა", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური