ფეხბურთი

22:54 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ნურავინ იფიქრებს, რომ აღმასკომის წევრებს იოლი სამუშაო ექნებათ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში 16:00 საათზე დაიწყო. მანამდე რეგისტრაცია მიმდინარეობდა. ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გახსნა და უპირველესად, დარბაზში წუთიერი დუმილი გამოცხადდა “მაჭახელას” 20 წლის ფეხბურთელის, თენგო ფერსელიძის გარდაცვალების გამო.
დღეს 18 ნოემბერია, ზუსტად 51 წელი გავიდა ტაშკენტის ოქროს მატჩიდან, როცა თბილისის “დინამომ” მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და პირველად გახდა საბჭოეთის ჩემპიონი. მაშინდელ მატჩში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ სამნი არიან ცოცხალნი: ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი სიჭინავა. დათუნაშვილი და ბარქაია დარბაზში იყვნენ, მათ კობიაშვილმა საჩუქრებიც გადასცა.
ვრცელი მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან კობიაშვილი. მათ ისაუბრეს დღეს არსებულ პრობლემბზე და იმ გეგმებზე, რისი განხორციელებაც აუციელებლია ფედერაციაში. კობიაშვილმა განაცხადა, რომ ორი სხვადასხვა მიმართულებით არის სამუშაო, მაგრამ პრიორიტეტი ორია: ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთი. აღინიშნა, რომ რეგიონებში უნდა გაკეთდეს აკადემიები, რათა მხოლოდ 2-3 კლუბის ხარჯზე არ ივსებოდეს ასაკობრივი ნაკრებები, მეტი გასაქანი მიექცეთ რაიონში მცხოვრებ ბავშვებსა თუ ჭაბუკებს.
“მართალია, ქვეყნის სახე ეროვნული ნაკრებია, მაგრამ არასწორია, მხოლოდ ამაზე აქცენტირება. მუშაობა ძირიდან აუცილებელია, რათა ეროვნულმა ნაკრებმა მომავალში შევსება უფრო ხარისხიანად მიიღოს” – განაცხადა კობიაშვილმა.
35-დან 34 დელეგატი იყო ადგილზე და მათ მიერ ხმის მიცემის შედეგად, აღმასკომის 10-კაციანი შემადგენლობა შეირჩა. ადრე აღმასკომი 18-კაციანი იყო, თუმცა წინასწარ ცნობილი იყო, რომ 10 კაცი უნდა შერჩეულიყო – ეს სფფ-ის ახლანდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა.
ხმა მისცა სფფ-ის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემაც და კობიაშვილმა მას ყრილობაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღმასკომში შესვლის 21 კანდიდატი იყო, თუმცა მათი რიცხვი 19-მდე შემცირდა. საქმე ისაა, რომ ლევან ყიფიანმა (ბიჩ-სოკერის ასოციაცია) და მურად ანჯაფარიძემ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია) მოხსნეს კანდიდატურები. ყიფიანმა წერილობით, ხოლო ანჯაფარიძე კი სიტყვით გამოვიდა ყრილობაზე.
ვიცე-პრეზიდენტები ამ ათეულიდან დასახელდებიან, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ესენი კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა იქნებიან. შესაბამისად, ჭუმბურიძე და ჯღარკავა, შესაბამისად, “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოში” ვეღარ იმუშავებენ.
“ვულოცავ აღმასკომის ახალ წევრებს ამ საპასუხიმსგებლო პოსტს. ნურავინ იფიქრებს, რომ მათ იოლი სამუშაო ელით. აღმასკომი მოქნილი უნდა იყოს, საჭიროა მსჯელობა, შეჯერება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვიცე-პრეზიდენტები ქმედითუნარიანები იქნებიან, მიეცემათ კონკრეტული დავალებები. ისინი უხელმძღვანელებენ კონკრეტულ დეპარტამენტებს” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ის პრეზიდენტს ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელთა შესაძლო ცვლილებებზეც ვკითხეთ, რაზეც ჯერ გადაწყვეტილი პასუხები ვერ მივიღეთ:
“ეს წელიწადი რომ დასრულდება, ყველა ნაკრების შედეგს განვიხილავთ. კითხვები მართლაც მაქვს და ალბათ, იქნება ცვლილებებიც. ახლა ჯერ არასერიოზულია ამაზე საუბარი.
...ვულოცავ 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლას. მართალია, მძიმე ბრძოლა გადახდათ და დასაწისი ცუდი ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, გავიდნენ. ისე, თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ ვართ. 17 და 19-წლამდლები რომ ელიტრაუნდში გავიდნენ, ეს ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელების, ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის დამსახურებაცაა. საკუთარ თავს ნამდვილად არ “ვაბრალებ” ამ წარმატებებს” – თქვა კობიაშვილმა.


აღმასკომის წევრები არიან:
ალექსანდრე იაშვილი – საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
ილია ინჯია – მარტვილის “მერანი”
აკაკი ალადაშვილი – საქართველოს ფუტსალის ასოციაცია
ბესიკ ჩიხრაძე – ს.კ. “გაგრა”
კახა ჭუმბურიძე – თბილისის ფეხბურთის ფედერაცია
გოჩა ჯამარაული – ს.კ. “მეტალურგი” რუსთავი
ნიკოლოზ ჯღარკავა – ეზოს ფეხბურთის ფედერაცია
თენგიზ სულაქველიძე – საქართველოს ვეტერან ფეხბუთელთა კავშირი
რომან ფიფია – ს.კ. “დინამო თბილისი”
ნინო სორდია – ქალთა ფეხბურთის ფედერაცია

აღმასკომში ვერ მოხვდნენ:
რუსლან ბაქრაძე – საქათველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა
თემურ ბოჭორიშვილი – იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
სერგო გაბელაია – სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
სერგო კვარაცხელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გელა მაისურაძე – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
ლაშა მინდელი – ქვემო ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გიორგი რევაზიშვილი – შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
გოჩა როსტომაშვილი – კახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია
სერგო ფუტკარაძე – ს.კ. “ზესტაფონი”

0.118366