მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, სამბოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატიდან წარმატებულად გამოსვლა მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ქალაქ კასაბალანკაში 13-15 ნოემბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონები 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილი და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ლორიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს ქალთა ნაკრების წევრები ნინო ოძელაშვილი (68 კგ) და ელენე ქებაძე (მძიმე) დაეუფლნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+ 100), შორენა შარაძე (60 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) გახდნენ.
ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლებში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი აკმალიდინ კარიმოვი დაამარცხა, დავით ლორიაშვილმა კი რუსეთის წარმომადგენელ დიმიტრი ელისეევს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა, 2015 წელს კი მან ისევე როგორც დავით ლორიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაც შეძლო და დუბლი შეასრულა.
მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კაცთა შორის გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მესამე კი ბელარუსმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს თბილისი სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მაროკოში გამართულ სამბოს საერთასშორისო ფედერაციის კონგრესზე გახდა ცნობილი, რომელსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი - სოსო ლიპარტელიანი და ვიცე-პრეზიდენტი ავთო ცინცაძე ესწრებოდნენ.
ამავე კონგრესზე ასევე გადაწყდა, რომ 2016 წლიდან საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართება და ოფიციალურ კალენდარში ჩაჯდება არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი.
მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. 13-15 ნოემბერი. მაროკო, კასაბლანკა
კაცები
57 კგ ვახტანგ ჩიდრაშვილი - ოქრო
100 კგ დავით ლორიაშვილი - ოქრო
68 კგ ლევან ნახუცრიშვილი - ბრინჯაო
74 კგ ბესარიონ ბერულავა - ბრინჯაო
+ 100 ბექა ბერძენიშვილი - ბრინჯაო
ქალები
68 კგ ნინო ოძელაშვილი - ვერცხლი
+80 კგ ელენე ქებაძე - ვერცხლი
60 კგ შორენა შარაძე - ბრინჯაო
80 კგ ირინე ლეონიძე - ბრინჯაო
გუნდური
კაცები – II
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური