2015 წლის 18 ნოემბერს თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა, მაგრამ პირველივე ინფორმაცია საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა. გარდაიცვალა რაგბის პირველი სუპერვარსკვლავი, რაგბის მეფე, ამ სპორტის პოპულარობაში განუზომელი წვლილის შემტანი, ახალზელანდიელი ჯონა ლომუ...
რაგბი პირველად ტელევიზიით, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ვიხილე და მეორე დღეს ფიზკულტურის გაკვეთილზე, დარბაზში, კალათბურთის ბურთით, თანაკლასელებთან ერთად ვითამაშე. ერთი-ორი მსგავსი “გაღლაბუცების” შემდეგ, ის ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა. რაგბისთან მომდევნო შეხება 1995 წელს შედგა, როდესაც “ბორჯღალოსნებმა” “ეროვნულზე” გერმანიის ნაკრები დაამარცხეს და სულ მალე გამოჩნდა კადრები, სადაც ასაკით ჩემი ტოლა ბიჭი საოცრებებს ჩადიოდა. ეს ბოლო წვეთი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მიზეზთა გამო, ერთი-ორი წმინდად სამოყვარულო (თოვლის, ქვიშის რაგბი) გამონაკლისის გარდა, ოვალურ ბურთით არ მითამაშია, რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და არ მახსენდება თბილისში გამართული სანაკრებო მატჩი, რომლის გამოტოვებაც მომიხდა.
რაგბი არ გამიცდენია 2002 წლის 3 მარტსაც, როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა, მაგრამ იმ დღეს “ეროვნულზე” “ბორჯღალოსნები” რუსეთს ეთამაშებოდნენ და არა იმიტომ, რომ მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა, საქმეების მომიზეზებით 3 საათი “გავიპარე” და 12:12 დასრულებულ თამაშს დავესწარი. რაგბისადმი ჩემი ასეთი დამოკიდებულება, საქართველოს ეროვნული ნაკრების და მისი თითოეული წევრის თავდაუზოგავი თამაშის პარალელურად, ჯონა ლომუს უდიდესი დამსახურებაა! და სწორედ ამ ადამიანის დამსახურებით გაიზარდა რაგბის გულშემატკივართა რაოდენობა მოკლე პერიოდში რამდენიმე მილიონით. ლომუს ნაკვალევზე არაერთი თაობა გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მისიით სხვა სამყაროში გადაინაცვლა.
ლომუ 1975 წლის 12 მაისს, ოკლენდში დაიბადა და მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, თამაშის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. არანორმალური ფიზიკური მონაცემები, ძალის, სისწრაფის, პლასტიურობის და ტენიკის წყალობით, მას მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა და ერთი-მეორეზე ლამაზი ლელოები გაჰქონდა. მსოფლიომ ეს გამორჩეული მორაგბე 1994 წელს, “ჰონკონგის” შვიდკაცა ტურნირისას გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მას “ოლ ბლექსში” მხოლოდ ორი თამაში ჰქონდა ჩატარებული, 1995 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასზე წაიყვანეს.
იქ მან გულშემატკივრები და მოწინააღმდეგე მორაგბეები შოკში ჩააგდო, როდესაც ხუთ თამაშში 7 ლელო გაიტანა, მათ შორის 4 ნახევარფინალში ინგლისთან. მსოფლიო თასზე ჩატარებულ პირველ მატჩში, ჯონამ ირლანდიას ორი ლელო გაუტანა, უელსთან თამაში არ წაუვიდა და შეცვალეს, შემადგენლობაში მეოთხეფინალში, შოტლანდიასთან მატჩში დაბრუნდა და “ოლ ბლექსს” ერთი ლელოთი შეეწია, ნახევარფინალში კი, რომელსაც კეიპტაუნმა უმასპინძლა, 51 ათასი გულშემატკივარი გაოგნებული დატოვა. ლომუმ ყველას და ყველაფერს გადაუარა და 45:29 მოგებულ მატჩში 4 ლელო გაიტანა.
ლომუს სათამაშო სტილს სპეციალისტებმა დამანგრეველი უწოდეს. მისი წარმატების უმთავრესი საწინდარი ფიზიკური მონაცემები იყო. “ოლ ბლექსის” მოთამაშეთა ამოცანა 120 კილოგრამიანი თანაგუნდელისთვის ბურთის მიტანა იყო და მერე ლომუ თავის საქმეს აკეთებდა - უიღბლო მცველებს, რომლებიც მის გზაზე აღმოჩნდებოდნენ, ბავშვებივით იშორებდა, ან პირდაპირ უვლიდა და ლელოები გაჰქონდა. ფინალში ლომუმ ვეღარ გაიბრწყინა და მისი გუნდი დამატებით დროში გაშვებული არეკნით 12:15 დამარცხდა. 2003 წელს ლომუს მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ დროს მას უკვე აწუხებდა ნეფრიტის სინდრომი. თირკმელების ამ ქრონიკული, სერიოზული ავადმყოფობის გამო, მატჩიდან-მატჩამდე ლომუ უმეტეს დროს საწოლზე მიჯაჭული ატარებდა. “ოლ ბლექსის” ექიმის გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ 1995 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას, არამედ მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში, მისი ავადმყოფობა საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.
მაგრამ 1996 წლის მიწურულს მას მაინც დაუსვეს თირკმელების იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში უკმარისობის დიაგნოზი. რაგბის თამაში სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა, ამის მიუხედავად ლომუმ უმაღლეს დონეზე თამაში განაგრძო და გულშემატკივრებში კიდევ უფრო დიდი პატივისცემა დაიმსახურა. 1999 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ჯონამ მანამდე არნახული შედეგი აჩვენა - ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი ლელო გაუტანა ტონგას და იტალიას, ხოლო ინგლისი, სადაც მან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა, ერთხელ დაალელოვა. მეოთხედფინალში “ოლ ბლექსის” ოთხი ლელოდან ერთი მის ანგარიშზეა, ხოლო ნახევარფინალში, საფრანგეთს კიდევ ორი ლელო გაუტანა. და მაინც, ეს თამაში ზელანდიელებმა 31:43 წააგეს და რადგან ლომუს მეტ მსოფლიო თასზე აღარ უთამაშია, მან ვერ შეძლო რაგბის უმაღლესი ჯილდოს - “უებ ელისის თასის” აღმართვა. სამაგიეროდ, ის გახდა საუკეთესო ბომბარდირი ერთ მსოფლიო თასზე გატანილი ლელოების რაოდენობით (8) და საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო თასებზე გატანილი ლელოების რაოდენობთ (15). მისი რეკორდები მხოლოდ 2015 წლის მსოფლიო თასზე გაიმეორეს, როდესაც ახალზელანდიელმა ჯულიან სავეამ, ვინაც ახალ ლომუდ მონათლეს, 8 ლელო გაიტანა, ხოლო სამხრეთ აფრიკელმა ბრაიან ჰაბანამ მსოფლიო თასებზე გატანილი ლელოების რაოდენობა 15-მდე გაზარდა.
1999 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ლომუ ამერიკის ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში, ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ და ინგლისის პრემიერშიპში, რაგბის სათამაშოდ მიიწვიეს. ორივე ეს შეთავაზება ჯონას დიდ ფინანსურ სარგებელს ჰპირდებოდა, მაგრამ ის სამშობლოში დარჩა! მერე მან შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში ლელო ჩვეულ სტილში გაიტანა, ბულდოზერივით გადაუარა მოწინააღმდეგეებს და მის ნაკვალევზე მიმოფანტული შოტლანდიელი მცველები დარჩნენ, ხოლო 2001 წელს ზელანდიის 7-კაცა ნაკრებს უკაპიტნა და გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.
ამასობაში ნეფრიტის სინდრომმა სრული ძალით იჩინა თავი და ლომუს კვირაში სამჯერ დიალეზის კურსის ჩატარება სჭირდებოდა, რამაც მის ნერვებზე, განსაკუთრებით ქუსლებსა და ფეხებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ის ინვალიდის სავარძელში მოხვედრას ვერ გადაურჩებოდა, თუ თირკმელს არ გადაინერგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას “ოლ ბლექსის” ყოფილი ექიმი უარყოფდა, 2004 წელს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია მაინც ჩატარდა.
2005 წელს ლომუმ რაგბიში დაბრუნება სცადა და კონტრაქტი “კარდიფ ბლუზთან” გააფორმა, მაგრამ მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი ლელო გაიტანა. 2009 წელს მისი დაბრუნების მორიგი მცდელობა შედგა, ამჯერად საფრანგეთის ფედერალ 1-ის “მარსელში”, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ აქაც იჩინა თავი და ზელანდიელი მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ გავიდა. ასე დასრულდა ამ უდიდესი მორაგბის კარიერა, რომლის სიტყვებსაც სარაგბო სამყარო ყოველთვის განსაკუთრებით აფასებდა და რომელმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე, ირლანდიასთან 10:14 მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ხოლო “ბორჯღალოსანთა” კაპიტან მამუკა გორგოძეზე ჯერ კიდევ მაშინ თქვა - ეს ბიჭი ნებისმიერი გრანდის შემადგენლობას დაამშვენებდაო.
ლომუ 2015 წლის მსოფლიო თასსაც ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს და “ოლ ბლექსის” წარმატებით გაიხარა, გუშინ კი, ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ის დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს...
ჯონა ლომუ
1975 წლის 12 მაისი - 2015 წლის 18 ნოემბერი
ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში (1994-2002 წლები) - 63 თამაში, 37 ლელო
ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრები (1994-2001)
კარიერა
ბლუზი (1996-1998) - 22 თამაში, 13 ლელო
ჩიფსი (1999) - 8 თამაში, 2 ლელო
ჰარიკეინზი (2000-2003) - 29 თამაში, 11 ლელო
კარდიფი (2005-2006) - 10 თამაში, 1 ლელო
მარსელი (2009-2010) - 3 თამაში
პროვინციების ნაკრები
მანუკაუ (1994-1999) - 28 თამაში, 19 ლელო
ველინგტონი (2000-2003) - 21 თამაში, 13 ლელო
ნორთ-ჰარბორი (2006) - 3 თამაში