ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის მე-13 წელს ზაზა ფაჩულია საუკეთესო სეზონს ატარებს. დიახ, ვეტერანი ქართველი ცენტრის სტატისტიკა ამ უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში საუკეთესოა და ის მიმდინარე სეზონის საწყისი 10 მატჩის შემდეგ საშუალოდ ორმაგ დუბლს შეადგენს.
მთელს ლიგაში, სადაც თავის სუპერვარსკვლავებიანად 400-ზე მეტი კალათბურთელია, საშუალოდ ორმაგი დუბლი მხოლოდ 12-ს აქვს და მათ შორის ჩვენდა საამაყოდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანიცაა. ერთია სტატისტიკა და მეორე – თუ რა გუნდში, უფრო ზუსტად კი ვის გვერდით იხვეჭ მას.
ფაჩულია დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო, კარგად ორგანიზებულ და დაბალანსებულ გუნდშია, სადაც მის გვერდით „დალას მავერიკსის“ სასიკეთოდ ცოცხალი ლეგენდა დირკ ნოვიცკი, სუპერვარსკვლავი დერონ უილიამსი, ვირტუოზი ჩენდლერ პერსონსი, არქიმექულე ვესლი მეთიუზი და სხვა მაგარი კალათბურთელები იღწვიან.
ფაჩულია ამ ვარსკვლავური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ჩვენგან პატრიოტიზმით ნათქვამი სიტყვები არაა. ეს ამერიკის ერთ-ერთ წამყვან და ავტორიტეტულ სპორტულ გამოცემა ESPN-ში გამოქვეყნებული თავად „დალასის“ წევრთა აზრია. ამ მეგასპორტულმა საინფორმაციო სააგენტომ ქართველ ცენტრს მოზრდილი სტატია მიუძღვნა, სადაც ზაზას ხოტბას როგორც ESPN-ის წამყვანი ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰოუნი, ისე „დალას მავერიკსის“ მწვრთნელი და წამყვანი კალათბურთელები ასხამენ. სტატიას შემდეგი სათაური აქვს:
ფაჩულია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე „დალასი“ ფიქრობდა
ალბათ დროა, მოვეშვათ რაღაცეებზე, ან ვიღაცეებზე დარდს, თუმცა – არა ზაზა ფაჩულიაზე.
ის არა დეანდრე ჯორდანი. ის არაა ტაისონ ჩენდლერი. ის არაა ადამიანი, რომელიც გადაახტება ნბა-ს უმეტესი ქალაქების სატელეფონო წიგნებს. ის პრინციპში არც ისაა, ვის ლამაზად თამაშობს კალათბურთს.
მაშ რა?! 9 მატჩის შემდეგ, რაც „დალასმა“ ის თავგანწირული ცენტრების გაცვლითი საგის შემდეგ შეიმატა, ფაჩულიამ ხალხს მისცა საკმარისზე მეტი მიზეზი, ილაპარაკონ მის ვინაობაზე.
მაგალითად...
„ის იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე მე ვფიქრობდი“ - აცხადებს „დალასის“ მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი. და ეს იყო მანამ, სანამ ფაჩულია ამ კვირის ორივე მატჩში ორმაგ დუბლს შეასრულებდა და „დალასს“ ლოს ანჯელესის გუნდებს დაამარცხებინებდა. მან დაამყარა სეზონის ახალი რეკორდები ქულებში (18) და მოხსნებში (16) პარასკევ საღამოს და დალასელებს „ლეიკერსის“ 90:82 ძლევისას ულიდერა.
ფაჩულია მთავარი მიზეზია იმისა, რომ „დალასის“ მოგებ-წაგებათა შეფარდება 5:4-ზეა და ის ამ შედეგით დასავლეთის კონფერენციას კიდევ 3 გუნდთან ერთად ლიდერობს. იმ 5 მატჩიდან, რომლებშიც ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, „მავერიკსმა“ 4-ში იმარჯვა, ხოლო იმ 6 შეხვედრიდან, როცა ზაზას მინიმუმ 10 მოხსნა ჰქონდა, ტეხასელებმა 5 მოიგეს.
ფაჩულია, რომელსაც ზურგს ნბა-ს 13-წლიანი გამოცდილება უმაგრებს, უკვე იმაზე მეტი არამატერიალური დახმარება გაუწია „დალასს“, ვიდრე მისმა წინამორბედმა ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა მთელი დალასური 2-წლიანი კარიერის მანძილზე. „მავერიკსის“ მრავალწლოვან სახეს, დირკ ნოვიცკის მოსწონს ფაჩულიას ის ლიდერული თვისებები, რომელიც ქართველმა ბოლო დროს მოგებულ მატჩებში გამოავლინა.
„ის არის ვეტერანი, რომლის თავისთან ხილვასაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა“ - ამბობს ნოვიცკი და ამატებს - ფაჩულიას ძალიან უხარია დალასში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ის „ბაქსმა“ დაუმსახურებლად დაიწუნა და არ დაიტოვა გუნდში იმ უდიდესი დახმარების შემდეგ, რისი წყალობითაც მილუოკელები პლეი-ოფში გავიდნენ, ფაჩულია დღეს ჩვენთანაა და ძალიან სწრაფად გადის ადაპტაციას“.
მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს „მილუოკიმ“ ახალგაზრდა ცენტრ გრეგ მონროს ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმა, ფაჩულიას როლი გუნდში შეიკვეცა. ბოლო წლების მანძილზე გამოცდილი ქართველი კალათბურთელი ახალგაზრდულ „ბაქსში“ მენტორის როლს ასრულებდა და მისი დიდი მეცადინეობით უწვერული მილუოკელები გასულ სეზონში პლეი ოფამდე მივიდნენ.
და მაინც, ყველაფერ ამის შემდეგ ფაჩულია დღეს ბედნიერია იყოს გასახდელში იმ გამოცდილ თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე აფასებენ მის მიერ გაწეულ სამუშაოს.
„დღეს ჩემთვის სტატისტიკა ბევრს არაფერს ნიშნავს - ამბობს ფაჩულია, რომელიც „დალასის“ მაისურით საშუალოდ 10.8 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებს და ის ამ შედეგით ნბა-ში ორმაგი დუბლის მქონე 12 კალათბურთელს შორისაა – უფრო მნიშვნელოვანი სწორი თამაშია. როცა სწორ კალათბურთს თამაშობ, ბევრად კარგია.
მე აქამდე ვასწავლიდი ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა ეთამაშათ სწორი კალათბურთი. აქ კი, გასახდელში ვხედავ კალათბურთელებს, რომლებიც ნბა-ში 10, 11, 12, 17 წელია თამაშობენ. მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორ ითამაშონ სწორად. „მილუოკიდან“ ჩემი აქ მოსვლა როგორც დღე და ღამე, იეა. აქ ბევრად იოლია და ალბათ იმიტომ, რომ ის მენტალიტეტი, რითაც მე კალათბურთს ვთამაშობ, უფრო იოლად ერგება დალასის სისტემას“ – ამბობს ფაჩულია.
თავის მხრივ დალასელებისთვისაც იოლია, გაუგონ ფაჩულიას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ზაზა ძალიან პოპულარულია ახალ თანაგუნდელებს შორის.
„ის მხეცია, გუნდის პირველი კაცია - ამბობს ფაჩულიაზე დირკ ნოვიცკი - მას არ ენაღვლება აქვს 0 ქულა თუ - 20. ის ფიზიკურად ძლიერია და მოვლენების ეპიცენტრშია. ის წინა ხაზის საუკეთესო მოთამაშეთა რიცხვს განეკუთვნება. ზაზა ძალიან მაღალი არაა, მაგრამ იბრძვის გულით. ის უბრალოდ მაგარი მეომარია“.
ვესლი მეთიუზი: „ის ჭკვიანი, ძლიერი, მასიური კალათბურთელია. ფაჩულიას ესმის თამაშის არსი. ცენტრის პოზიციაზე მის მიერ მოტანილი “აი-ქიუ” (IQ) დიდად გვადგება. ზოგადად ასეა: თუ კალათბურთელი ჭკუთ თამაშობს, შავ სამუშაოს ვერ ასრულებს, ან შავ სამუშაოს ასრულებს და ჭკუით თამაში არ შეუძლია. ზაზას შემთხვევაში ორივე სახეზეა“.
დაბოლოს, ჩენდლერ პერსონსის კომენტარი ზაზას შესახებ: „ის საოცარი მოთამაშეა. ის დიდი მომხსნელი, ძალისმიერი მოთამაშე და ბლოკის კარგი დამყენებელია. ფაჩულია უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენთვის. ის კარგად ხსნის, გვაზღვევს, ბლოკს გვიყენებს, ბურთს ატარებს, დაცვაში თამაშობს, ქულებს იხვეჭს – ზაზა უბრალოდ ძალიან მომხიბვლელია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, თუ ის ასეთი კარგი კალათბურთელი იყო“.
P.S. ეს ინფორმაცია ზემოთ მოყვანილ სტატიაში არ წერია. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ფაჩულია ნბა-ს “ფენტეზის” რეიტინგში მე-18 ადგილზეა. ეს რას ნიშნავს, „ფენტეზის“ მოთამაშეებმა კარგად იციან. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მთელს ლიგაში ზაზაზე სარგებლიანი (ყველა სტატისტიკური მონაცემის გათვალისწინებით) მხოლოდ 17 კალათბურთელია.
www.gbf.ge