დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე”, კვირას, 22 ნოემბერს, ირლანდიური “მანსტერის” წინააღმდეგ აღარ ითამაშებს.
პარიზულ კლუბს ჩემპიონთა თასის მეორე ტურში ირლანდიური “მანსტერისთვის” “სტად ჟან-ბოუინზე” უნდა ემასპინძლა, მაგრამ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტების და მისი განმეორების საფრთხის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა ეს თამაში გადაიდო.
“ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე, “სტად ფრანსეს” არ სურს, რომ სამართალდამცავებს მუშაობა გაურთულოს. ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზებით, “სტად ჟან-ბოუინზე” 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბება და მათი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული დაცვა გახდება საჭირო. ამიტომ, ტურნირის ორგანიზატორებთან კონსულტაციების შემდეგ, თამაშის გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი” - წერია პარიზული კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასის პირველ ტურში “სტად ფრანსე” ინგლისში “ლესტერ თაიგერსთან” 20:33 დამარცხდა. ამავე ტურში საფრანგეთში გასამართი ყველა შეხვედრა ტერაქტების გამო გადაიდო.