ფეხბურთი

19:09 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხარისხის გარეშე მიღებული შედეგი

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა მძიმედ, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. დასკვნითი ტურის წინ ქართველებს გამარჯვება სჭირდებოდათ, რაც ვერ მოახერხეს, მაგრამ ბედად, პარალელურ მატჩში აუტსაიდერმა ალბანეთმა უელსის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და პატარა “ჯვაროსნებმაც” 4 ქულით მეორე ადგილი ირგუნეს.

დაძაბული იყო საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა თამაშიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი თითქმის არც შექმნილა. ასე ბურთის გაუთავებელ გორებაში გაილია 90 წუთი და ტაბლოზე დაფიქსირებულმა ანგარიშმა, რომელმაც ორივე გუნდი კმაყოფილი დატოვა, სრულად ასახა ის, რაც მწვანე მინდორზე ხდებოდა. ისე, მომენტები რომ არ იქმნებოდა, ამას თავისი ახსნაც აქვს: ავსტრიას ფრე სავსებით აწყობდა, ხოლო მეორე შეხვედრაში განვითარებული მოვლენების ფონზე, იგივე შედეგი მასპინძლებსაც ხელს აძლევდათ და ბუნებრივია, რომ რისკზე, რომელიც შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო, არცერთი გუნდი წასულა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა ისაუბრეს. სხვათა შორის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა აწ დასრულებულ შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ოდენ კინკილა გოლი გაიტანა და იგი სწორედ გოშთელიანის ანგარიშზეა...

ვასილ მაისურაძე (საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს ამ ასაკში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებოდით. რაც შეეხება თამაშს, ვფრთხილობდით, რადგან ვიცოდით პარალელურ მატჩში მიმდინარე ანგარიში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო გოლი არ გაგვეშვა. ისე კი, ვიცოდით ალბანეთი ადვილად არაფერს დათმობდა. მთლიანად ტურნირზე იმას ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფი იყო. ალბანეთის ნაკრებმაც წაგებულ თამაშებში ბოლომდე იბრძოლა, უელსი კი სწრაფი და მობილური გუნდი გახლდათ. ავსტრიაზე უკვე ვთქვი, ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში. საერთოდ, ასეთ გუნდთან ბოლო ტურში თამაში, როცა 5 დღეში უკვე ორი შეხვედრა გაქვს ნათამაშები, ორმაგად რთულია.

რესურსის მხრივ 1998 წელში დაბადებულებს თუ არ ჩავთვლით ფაქტობრივად ამოწურული გვაქვს, ეს თამამად შემიძლია ვთქვა”.

გურამ გოშთელიანი (საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი): “ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ დასაულ მიზანს მივაღწიეთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა. ელიტ რაუნდიდან გასასვლელად და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ ყველაფერს გავაკეთებთ”.

საქართველო - ავსტრია 0:0

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. თბილისი, „მიხეილ მესხი“, 17 ნოემბერი.

საქართველო: გოშაძე, ნადარაია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (ალთუნაშვილი 66), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (გვარაძე 80), გოშთელიანი (კ),მიქელთაძე (ბიძინაშვილი 66)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ავსტრია: გატლერი, პოში, მარანდა, ინგოლიში, კრაინცი (კ),კაუფმანი, ლაიმერი (პროკოპი 46),გაში,შლაგერი, პავლოვიჩი (იაკუპოვიჩი 72), გმეინერი (გრაბოვაჩი 84).
მწვრთნელი: რუპერტ მარკო

გაფრთხილებები: კაკიაშვილი, გოშთელიანი, ართმელაძე - ლაიმერი, შლაგერი, პოში

მსაჯები: ალან ბიერი ; ალან ჰეინიგერი (ორივე შვეიცარია) ; უროშ სტოიკოვიჩი ; სრდიან იოვანოვიჩი (სათადარიგო) (ორივე სერბეთი)

1. ავსტრია 3 2 1 0 4:1 7
2. საქართველო 3 1 1 1 1:3 4
3. ალბანეთი 3 1 0 2 4:5 3
4. უელსი 3 1 0 2 5:5 3
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136963