საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, რომელმაც ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში (2:2) გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ტირანაში დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ეს თამაში უნდა მოეგო, თუმცა მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ გუნდს მომავალი აქვს.
“ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ტალინში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად კი, სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვედროდით. ამ თამაშში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. მსაჯობაც არ იყო იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს.”
სფფ-ის პრესსამსახური, ტირანა, ალბანეთი