ფეხბურთი

1:49 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდია ოცდამეორეა

ირლანდიის ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში “ავივა სთედიუმზე” ბოსნიას სძლია და 22-ე ნაკრები გახდა, რომელმაც კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ზენიცაში 1:1 მორჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტუმრებს უნდა შეეტიათ. თუმცა, პირველ ნახევარში ბოსნიელებს მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი არ მოუხვედრიათ. შეტევებით თავს არც ირლანდია იკლავდა, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხა – 23-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა ერვინ ზუკანოვიჩზე ხელით თამაში დააფიქსირა და საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც უოლტერსმა აქცია გოლად.

სტუმრებისთვის ბევრი არაფერი იცვლებოდა. მათ გოლი ისედაც გასატანი ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად ერთი ბურთი დამატებით დროში გადაიყვანდა თამაშს. ბოსნიელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტებს ნაკლებად ქმნიდნენ. ირლანდიელები კი თავიანთ შანსს ელოდნენ, რომელიც 70-ე წუთზე მიიღეს და გამოიყენეს კიდეც – უოლტერსმა მცველის შეცდომით ისარგებლა და ბეგოვიჩს ახლო მანძილიდან გაუტანა, რითაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში ბოსნიელებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ. ვედად იბიშევიჩს 93-ე წუთზე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა – 2:0.

ფლეი-ოფის დარჩენილი ორი შეხვედრა დღეს გაიმართება და გვიან ღამით ყველა იმ ნაკრების ვინაობა გვეცოდინება, რომლებიც ივნისში საფრანგეთში გაემგზავრებიან.

ირლანდია – ბოსნია 2:0 (1:0) VIDEO

დუბლინი, “ავივა სთედიუმი”

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი, კლარკი, კოგჰი, ბრედი, კოულმენი, მაკკარტი, ველანი (ოში 90), ჰენდრიკი, ჰულაჰანი (მაკკლინი 55), მერფი (ლონგი 55), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

ბოსნია (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუკანოვიჩი, სპაჰიჩი, ვრანჟესი, კოლაშინაცი, კოჩალიჩი (ბეშიჩი 46), მედუნჯანინი (დურიჩი 69), ვისჩა, ლულიჩი (იბიშევიჩი 80), პიანიჩი, ჯეკო.
მწვრთნელი: მეჰმედ ბაზდარევიჩი

გოლები: 1:0;2:0 უოლტერსი (24 პენ. 70)
გაფრთხილებები: მაკკლინი, ლონგი - ლულიჩი, სპაჰიჩი, ჯეკო, დურიჩი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.191287