ფეხბურთი

1:47 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოხერხება ხომ უნდა?!
საქართველომ ალბანეთთან მოგებული ვერ მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთში ამხანაგურ მატჩს 88-ე წუთამდე მშვიდად იგებდა. 0:2 იყო და ძნელი წარმოსადგენი ჩანდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა. საბოლოოდ, 2:2. მოხერხება უნდა ამ ყველაფერს, არადა, ეს გამარჯვება მნიშვნელოვნად წინ წაგვწევდა ფიფა-ს რეიტინგში, რადგან ალბანეთი კლასიფიკაციაში 32-ე ადგილზეა.
დასაწყისი ისეთი იყო, უკეთესი რაღა გვინდოდა. მე-2 წუთზე საჯარიმო დაინიშნა, გიორგი ჭანტურიამ იქვე გაათამაშა ბურთი გიორგი ნავალოვსკისთან, მერე ჩააწოდა და ალეკო ამისულაშვილმა მარჯვენა ფეხით გადაგზავნა კარში. ალბანელები თამაშგარე მდგომარეობის შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასე დავწინაურდით, ეს კი ამისულაშვილის მეოთხე გოლი იყო ნაკრებში და აქედან მეორე, ალბანეთის კარში: ადრე თბილისშიც გაუტანა “არწივებს”.
მე-6 წუთზე ალბანელმა “ტიფოზებმა” მინდორზე პეტარდები ისროლეს, რის გამოც თამაში ორი წუთით შეწყდა. მალევე, ვაკო ყაზაიშვილმა მშვენიერი სოლო-გარღვევა მოაწყო, ორ მცველს გასცდა, მესამესაც და შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა მეკარემ კუთხურზე გადააგდო ბურთი. ისე, დარტყმა მაინცდამაინც ვერ გამოუვიდა ვაკოს.
საწყისი წუთების შემდეგ, ტემპი შენელდა და უხარისხო ბურთაობაღა შეგვრჩა ალბანურ სტრიმ-ზე. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა ამ მატჩის ტრანსლირება ვერ მოახერხა... ტაიმის ბოლოს ალბანელები გააქტიურდნენ, ლენიანის გამჭოლ პასზე ორ ფეხბურთელს შეეძლო ბურთის კარში გატანა, მაგრამ ვერ მიუსწრეს. მე-40 წუთზე კი ალბანელთა ფორვარდმა გაშიმ გოლი გაგვიტანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა: არანაირი თამაშგარე არ ყოფილა, პასის მომენტში უჩა ლობჟანიძე ჩარჩენილი იყო. ასეა თუ ისე, მსაჯობამ გვიშველა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველები ორი ბურთით დაწინაურდნენ. ჯაბა კანკავამ აუტის ხაზთან წაართვა ბურთი მეტოქეს და საჯარიმოს მისადგომებთან მიაწოდა ჭანტურიას, რომელმაც დაბალი და ზუსტი დარტყმით 0:2 აანთებინა ტაბლოზე.
რაღა რჩებოდა მოსაგებად? თითქოს ალბანელებიც ვეღარ უტევდნენ, გაჩერდნენ და ქართველებს რამდენჯერმე მიეცათ სივრცე, მაგრამ არც ჩვენები იკლავდნენ თავს წინ წასვლით, მოედნის ცენტრში ხვდებოდნენ მეტოქეს. კახა ცხადაძეც შეცვლებს ერიდებოდა, რადგან არ სურდა, თამაში არეულიყო. მხოლოდ 76-ე წუთზე განახორციელა პირველი ცვლილება, რომელსაც ეფექტი არ მოუხდენია: მინდორზე ნიკა გელაშვილის ნაცვლად ბაჩანა ცხადაძე შევიდა.
აი, ასე სრულდებოდა შეხვედრა მშვიდად, მაგრამ 88-ე წუთზე მიგიენ ბაშამ დაახლოებით 15 მეტრიდან დაბალი დარტყმით შეამცირა სხვაობა და დარჩენილ წუთებში სანერვიულოდ გაგვიხდა საქმე. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი სოკოლ ციკალეშიმ საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარში – 2:2.
ციკალეშიმ ყველაფერი მშვენივრად შეასრულა, მაგრამ რატომ უნდა აცადო ამდენ ხანს ფეხბურთელს ბურთის მიღება და დარტყმა? თანაც, ზედ საჯარიმოს მისადგომებთან. სად იყვნენ ამ დროს საყრდენი ნახევარმცველები, ძნელი სათქმელია. ციკალეშისთან სამი მეტრის რადიუსში არავინ იდგა. ეს ან გადაღლილობის, ან კონცენტრაციის ნაკლებობის, ან უცოდინრობის ბრალია.

16 ნოემბერი. 23:00. ტირანა. “ქემალ სტაფა”
ალბანეთი – საქართველო 2:2 (0:1) VIDEO
ალბანეთი: ბერიშა, ლილა, ლენიანი, აგოლი, სადიკუ, გაში, ლილაი, ჯაკა, აიეტი, ესელი, როში
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, დაუშვილი, გელაშვილი (ცხადაძე 77), ყაზაიშვილი (კობახიძე 82), ჭანტურია (კაკაბაძე 90)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გოლები: 0:1 ამისულაშვილი (2), 0:2 ჭანტურია (52), 1:2 ბაშა (88), 2:2 ციკალეში (90+3)
გაფრთხილება: აიეტი (22), ლობჟანიძე (45)
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

0.142262