იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ტორინომ” მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით გაუხანგრძლივა და ახლა მხცოვანი სპეციალისტი ტურინში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაციას “ტორინოს” ვებგვერდი ავრცელებს.
“ტორინო” იუწყება, რომ სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაჩიმ და ჯამპიერო ვენტურამ ახლა კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ძალაში 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება”, - წერია ტურინული გუნდის ვებგვერდზე.
ვენტურას ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.
67 წლის ჯამპიერო ვენტურა “ტორინოს” 2011 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და საკმაოდ კარგადაც. გასულ სეზონში ხანგრძლივი პაუზის მერე “ხარებმა” ევროპა ლიგაზე ითამაშეს და ჯგუფური ბარიერიც დაძლიეს. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 12 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-11 ადგილზეა.