21 ნოემბერს მიმდინარე სეზონის პირველი “ელ კლასიკო” გაიმართება. ესპანეთის ლა ლიგის, იგივე პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში, მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” დაუხვდება.
ეს მოვლენა ფეხბურთის გულშემატკივრებში მთელი მსოფლიოს და არა მხოლოდ ესპანეთის მასშტაბით, უდიდეს ინტერესს იწვევს. სწორედ ამიტომ, გამოცემა AS-ი ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს გაესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:
“მთავარი კანონი და მისი დაცვაა. ესპანეთი - ეს ერთია, ხოლო კატალონია - სულ სხვა რამეა. “ელ კლასიკო” ჩვენი ჩემპიონატის ბრენდია, სადაც მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობს საუკეთესო მოთამაშეებით. ამ სეზონში მას 500, ან 600 მილიონი მაყურებელი ეყოლება.
“ელ კლასიკოს” მსაჯების მოსყიდვაზე საუბარი სრული იდიოტიზმია. არ ვიცი ვინ იგონებს მსგავს ჭორებს. მე, ისევე, როგორც ჩემი შვილები, “რეალის” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს არასდროს ახდენს ჩემზე გავლენას, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ. მე მიუკერძოებელი ვარ! როგორც ლიგის პრეზიდენტს, ძალიან მინდა, რომ მესიმ ითამაშოს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ტოპ-მოთამაშეები “ელ კლასიკოს” გამოტოვებენ. სწორედ ამიტომ მსურს, რომ დე ხეა ლა ლიგაში თამაშობდეს. სულერთია რომელ კლუბში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა”.