იტალიის სერია A-ს ბინადარ გენუის “სამპდორიას” ამიერიდან ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის. ამის შესახებ გენუური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 41 წლის სპეციალისტი “სამპაში” 2018 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
“გენუაში მესამედ დავბრუნდი. ეს ძალზე ემოციური მომენტია. ყველას მადლობა, ვინც ჩემი სამსახურით დაინტერესდა. ნამდვილად ბედნიერი ვარ”, - უთხრა მონტელამ “სამპდორიას” ტელევიზიას.
ვინჩენცომ წარუმატებელი შედეგების გამო დათხოვილი ვალტერ ძენგა შეცვალა.
ახლო წარსულში ცნობილი ფორვარდი ფეხბურთელობისას “სამპდორიაში” ორჯერ თამაშობდა, 1996-1999 და 2007-2008 წლებში. მის სამწვრთნელო კარიერაში კი აქამდე სამი გუნდი იყო: “რომა”, “კატანია” და “ფიორენტინა”. “სამპდორიას” იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 16 ქულა აქვს დაგროვილი.