ჭადრაკი

2:05 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ასპროცენტიან შედეგს ინარჩუნებს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს რუსეთის გუნდთან ერთად ლიდერობს.

პირველი რეიტინგის მქონე ქართველ მოჭადრაკეთა გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია, რომ ისინი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ უკრაინას ხვდებოდნენ. პარტიები ლელა ჯავახიშვილმა (2479) და ნინო ბაციაშვილმა (2509) მოიგეს, ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2566) დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა (2512) კი ყაიმი გააფორმა.

საბოლოოდ, 2.5:1.5 და 6.0 ქულა საქართველოს ნაკრების აქტივში, რომელსაც მე-4 ტურში რუსეთის სახით კიდევ ერთი მრისხანე მეტოქე ელის. მე-3 ტურში რუსებმა იტალიას დამაჯერებლად – 3:1 სძლიეს.

უკრაინა – საქართველო 1.5:2.5

მარია მუზიჩუკი (2542) – ნანა ძაგნიძე (2566) 1:0

ბელა ხოტენაშვილი (2512) – ანა მუზიჩუკი (2534) 0.5:0.5

ნატალია ჟუკოვა (2480) – ლელა ჯავახიშვილი (2479) 0:1

ნინო ბაციაშვილი (2509) – ინა გაპონენკო (2401) 1:0

წარმატებული უნდა ვუწოდოთ საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების თამაშსაც, რომელიც რანგით მაღლა მდგარ მეტოქეებს ეთამაშება და ჯერჯერობით, მარცხი არ განუცდია. ამჯერად, ქართველები პოლონეთს დაუზავდნენ, თანაც, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. გუნდი მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) დააწინაურა, ბაადურ ჯობავამ (2668) და ლევან ფანცულაიამ (2567) ყაიმები დააფიქსირეს, დასკვნით პარტიაში კი ლუკა პაიჭაძე (2573) დამარცხდა.

მე-17 განთესვის მქონე ქართველ მოჭადრაკეებს 3 დღის თავზე 4 ქულა აქვთ და მეხუთე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფენ. მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიას გაეჯიბრება, რომელსაც იდენტური მონაგარი გააჩნია. ისიც ვთქვათ, რომ ვაჟთა ტურნირს ექვს-ექვსი ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ რომლებიც დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველო – პოლონეთი 2:2

ბაადურ ჯობავა (2668) – იან-კშიშტოფ დუდა (2658) 0.5:0.5

გჟეგოჟ გაიევსკი (2647) – მიხეილ მჭედლიშვილი (2618) 0:1

ლევან ფანცულაია (2567) – მატეუშ ბარტელი (2624) 0.5:0.5

რობერტ კემპინსკი (2614) – ლუკა პაიჭაძე (2573) 1:0

0.118549