ზედიზედ ორი ტურია ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” თითქმის წაგებული თამაშის მოგებას ბოლო წუთებზე ახერხებს. ალბათ, გამარჯვებისაკენ ასეთი სწრაფვაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდები ზედიზედ სამი წელიწადია მთავარი ტიტულის მფლობელები ხდებიან.
“ავჭალაზე” “ლოკომოტივსა” და “ლელო-სარასენსს” შორის დღეს გამართული დედაქალაქური დერბი გნსაკუთრებული იყო, რადგან პირველად რაგბის ისტორიაში, რეგულარული გათამაშების პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მოეწყო. ამით თითქოს მოთამაშეთა მოტივაცია უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მაყურებელმა სანახაობა მხოლოდ მეორე ტაიმში, ისიც ეპიზოდურად იხილა.
“ლოკომოტივი” მთელი თამაში უპირატესობას ფლობდა, როგორც სტატიკაში - შერკინებასა და დერეფანში, ასევე ღია თამაშში, მაგრამ საჭირო დროს ლიდერის ფუნქციები ეროვნული გუნდის გარემარბმა სანდრო თოდუამ იტვირთა და მის დუბლს რკინიგზელებმა ვეღარაფერი მოუხერხეს. მთლიანობაში, ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც თამაში ხშირად ჩერდებოდა და ტემპიც ძალიან დაბალი იყო.
შეხვედრა “ლოკომოტივის” უპირატესობით დაიწყო და მათ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. მე-10 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ შეიმაგრა, მაგრამ თანაგუნდელმა დააზღვია. რკინიგზელებმა დაახლოებით 5 წუთი მეტოქის 22-ში გაატარეს, თუმცა ამით ვერ იხეირეს და საკუთარ ნახევარზე უქულოდ დაბრუნდნენ. საპასუხოდ კვაჭად მოთამაშე გიორგი ჭყოიძემ ფეხით შეიცურა ბურთი, მას თემურ ჩიტიძე დაეუფლა, მაგრამ ამჯერად “ლოკომოტივმა” დაიცვა კარგად თავი. გარდა ამისა, “ლელო-სარასენსმა” ორჯერ წააგო საკუთარი დერეფანი და შეტევის კარგი პლაცდარმები დაკარგა.
24-ე წუთზე გიგა გაგოშვილმა მაღალი ბოჭვით შეაჩერა მეტოქე და სინბინით დაისაჯა. ეს მეტოქისთვის შანსი იყო და “ლელო-სარასენსმა” ლელოზე თამაში ირჩია, მაგრამ საკუთარი დერეფანი მესამედ წააგო. მერე კაცნაკლულმა “ლოკომოტივმაც” არ დაარტყა შორიდან ჯარიმა, მანაც ლელოზე სცადა თამაში, მაგრამ ბურთი ისევ დაკარგა. სამაგიეროდ, მათ მეტოქის შერკინება მოიგეს, საბა ნიკოლავას ზედ ძელებს შოუა ბურთის დამიწება მბოჭავმა არ დაანება, მაგრამ საქმეში ვაჟა ხუციშვილი ჩაერთო და ლელოში შეხტა. ნიკოლავამ გარდასახვა და ტაიმი 7:0 დასრულდა.
თამაში რომ განახლდა “ლელომ” ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და ყიასაშვილმა 47 მეტრიდან ჩამორჩენა შეამცირა, მერე “ლოკომოტივი” შეცდა, ჩემპიონი ფლანგზე ცდილობდა კონტრშეტევის გაშლა და ვახტანგ კავთიძე პასის განზრახ ჩაჭრისთვის სინბინით დაისაჯა, ხოლო ყიასაშვილმა გასატანი პოზიციდან სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 7:6. როგორც ჩანს, დღეს კაცნაკლულ “ლოკომოტივს” უკეთ გამოსდიოდა თამაში და ლელოს გატანის შანსიც მალევე გაუჩნდა, მაგრამ ზურაბ ძნელაძის ფეხით გადაკიდებული დიმიტრი კალანდაძემ ვერ აიღო. სამაგიეროდ, “ლოკომოტივმა” შერკინებაში კვლავ იმძლავრა, ჯარიმა რომ აიღო კარში არ დაარტყა და კაცნაკლულმა კიდევ ერთხელ სცადა ლელოს გატანა, ძნელაძე ჩათვლის მოედანში შევიდა კიდეც, მაგრამ მცველებმა დამიწების საშუალება არ მისცეს.
5-მეტრა შერკინებიდან ლელო მაინც შედგა. მოკლე დარტყმების შემდეგ იერიში მარკვენა ფლანგზე გაიშალა, გიორგი ბიწაძე ცრუმოძრაობებით რამდენიმე მცველს შორის გაძვრა და მიზანს მიწვდა. ნიკოლავას გარდასახვა გაუფუჭდა - 12:6. “ლელომ” ლელოთი ორ წუთში უპასუხა, როდესაც სანდრო თოდუამ 22-მეტრიანთან სივრცე შენიშნა, ხაზი იოლად გაჭრა და ბურთი მარჯვენა ალამთან დაამიწა. ყიასაშვილს საკუთარი გუნდის დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ გარდასახვა არაზუსტად შეასრულა და ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. ამის შემდეგ “ლოკომოტივმაც” აღარ ისურვა გარისკვა და ნიკოლავამ ჯარიმით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
62-ე წუთზე “ლოკომოტივის” კარგი იერიშის შემდეგ, ნიკოლოზ პატარაია ლელოდან 5 მეტრში ხუციშვილზე დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. რკინიგზელებმა შერკინება ირჩიეს და ფარნა გასვიანმა შეუტია, მაგრამ არ დაფიქსირდა. განმეორებით შერკინებაში “ლელო-სარასენსი” კარგად დადგა, “ლოკომოტივმა” თამაში გაშალა, ძნელაძის პასით კალანდაძე ყიასაშვილთან ერთ-ერთზე დარჩა და ლელოში შესული თოდუამ კი შებოჭა, მაგრამ გუნდი ლელოსგან ვერ იხსნა. გარდასახვა კალანდაძემ ააცილა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არაზუსტი დარტყმები გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სხვაობა მხოლოდ 6 ქულა დარჩა (17:11).
70-ე წუთზე კავთიძე საკუთარი 22-იდან ფეხით ცდილობდა გასვლას და დაუფარეს, ბურთი ნიკოლავამ კი აიღო, მაგრამ დაჯარიმდა, “ლელომ” ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ჩათვლის მოედანში შევიდა, მაგრამ ვერ დაამიწა და მერე ბურთი დაკარგა. სამაგიეროდ, 76-ე წუთზე თოდუამ ხაზი გაჭრა, ის ორმა მცველმა შებოჭა, მაგრამ ფეხზე დარჩა, დარჩენილი მანძილი დაფარა და ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საკუთარი გუნდი პირველად დააწინაურა - 17:18. ბოლო წუთზე “ლოკომოტივმა” 47 მეტრიდან ჯარიმის კარში დარტყმა ვერ გარისკა და დერეფნის შემდეგ ხელდახელ სცადა შეტევა, მაგრამ ძნელაძე შებოჭეს, დაჯარიმდა და შეხვედრაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
ლიდერებს შორის გონიოში გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. “ბათუმმა” და გორის”ჯიქმა” ორ-ორი ზუსტი დარტყმა გაცვალეს და ქულები გაიყვეს - 6:6. ქუთაისში “აიამ” თბილისის “აკადემია” ბრძოლაში დაამარცხა - 13:0, ხოლო რუსთავში “ხარებმა” “არმაზს” პირველი მოგება არ დაანება და 10:5 დაამარცხა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. IX ტური
14 ნოემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი) 20:27 (10:15)
15 ნოემბერი
ბათუმი. გონიო
ბათუმი (ბათუმი) - ჯიქი (გორი) 6:6
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) (7:0)
ლოკომოტივი (სასტარტო შემადგენლობა): 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურა ძნელაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. დიმიტრი კალანდაძე, 10. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ზაურ ხარებავა, 2. ირაკლი ჩომახიშვილი, 3. მირიან ბურდული, 4. გიორგი გეგია, 5. ამირან მიქაძე, 6. ლაშა ფოფხაძე, 7. ვასილ მახარაძე, 8. ფარნა გასვიანი.
ლელო-სარასენსი (სასტარტო შემადგენლობა): 15. ირაკლი ყიასაშვილი (კაპ.), 14. ალექსანდრე ხეცოიძე, 13. სანდრო თოდუა, 12. გიორგი ლომინაძე, 11. თემურ ჩიტიძე, 10. რატი შანიძე, 9. სანდრო მინდიაშვილი; 1. ბაჩო მაჭარაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ზურა კობალაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დაჩი კოპაძე, 8. ზვიად მაისურაძე.
ქუთაისი. “აია”
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 13:0
რუსთავი. ახალი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) 10:5
15/11 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ჯიქი გორი | 9 | 6 | 1 | 2 | 2 | 2 | 0 | 152:088 | +64 | 18/05 | 30 |
2 | ბათუმი ბათუმი | 9 | 6 | 1 | 2 | 1 | 2 | 0 | 153:117 | +36 | 12/04 | 29 |
3 | აია ქუთაისი | 9 | 6 | 1 | 2 | 1 | 1 | 0 | 156:118 | +38 | 11/07 | 28 |
4 | ლელო სარასენს თბილისი | 9 | 6 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | 163:140 | +23 | 15/13 | 27 |
5 | ლოკომოტივი თბილისი | 9 | 5 | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | 164:149 | +15 | 15/10 | 24 |
6 | ყოჩები ბოლნისი | 8 | 4 | 0 | 4 | 1 | 3 | 0 | 143:130 | +13 | 13/10 | 20 |
7 | აკადემია თბილისი | 9 | 3 | 0 | 6 | 0 | 3 | 0 | 084:129 | -45 | 03/11 | 15 |
8 | ხარები რუსთავი ^ | 9 | 3 | 0 | 6 | 0 | 2 | 0 | 097:152 | -55 | 07/18 | 14 |
9 | არმია თბილისი | 9 | 2 | 1 | 6 | 0 | 4 | 0 | 171:211 | -40 | 11/22 | 14 |
10 | არმაზი თბილისი | 8 | 0 | 1 | 7 | 0 | 5 | 0 | 112:161 | -49 | 10/15 | 7 |
X ტური. 21-22 ნოემბერი
ლელო-სარასენსი - აკადემია, ლოკომოტივი - არმია, ყოჩები - ჯიქი, ბათუმი - არმაზი, ხარები - აია